დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ეკონომიკური ზრდაა

12 აპრილს დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია მომავლის მმართველობისთვის, რომელზეც მოხსენება ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც 21-ე საუკუნეში მსოფლიო ლიდერთა წინაშე არსებობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ვიცე-პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფო მართვის სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე. „საქართველო ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც დღეს მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს თანამედროვე ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციებისა და თავისუფალი ბაზრის მქონე სახელმწიფო. ჩვენ ავირჩიეთ ევროინტეგრაციის გზა და ამ მიმართულებით ძალისხმევით ვმუშაობთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც საქართველო ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ეკონომიკური ზრდაა. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მოიცავს ეკონომიკური განვითარების რეფორმებს; განათლებას; ინფრასტრუქტურის განვითარებას და ღია მმართველობას. მან ასევე ისაუბრა ისეთ გლობალურ სამთავრობო პროექტებზე, როგორიცაა „საყოველთაო ინტერნეტიზაცია“. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიტიურად მზარდ პოზიციებზე საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში. „ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად წარმატებას მივაღწევთ ჩვენი საზოგადოების მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით და შევქმნით უკეთეს მომავლის მთავრობას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.