რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი გამყარებას განაგრძობს, ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ გამყარებას საიმედო ეკონომიკური საფუძვლები არა აქვს.

პარლამენტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარება დროებითი მოვლენაა.

ზურაბ მელიქიშვილი: „დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკური მაჩვენებელები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ძალზე სავალალოა. ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი უნდა იყოს ინვესტიციები და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც საქართველოში ძალზე მცირეა. ექსპორტის იანვარ-თებერვლის მონაცემები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამავდროულად არ არის მომატებული ინვესტიციების რაოდენობა და ეკონომიკური ზრდაც არ შეიმჩნევა. ერთადერთი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება იმედს ამყარებს, ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ბერკეტებია. შემცირებულია ფულის მასა, რომელიც ეკონომიკაში ტრიალებს - დეკემბერთან შედარებით ქართულ ბაზარზე 225 მილიონით ნაკლები თანხა ტრიალებს. ერთადერთი, რის გამოც ლარი სტაბილურად გამოიყურება, ეკონომიკის შემცირებაა, მაგრამ ამ მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნება რთულია. რა მნიშვნელობა აქვს მარჯვენა ფეხი გეტკინება და ამის გამო ვერ წახვალ წინ, თუ მარცხენა? საბოლოო ჯამში ტკივილი თავისას გაიტანს და შეიძლება კიდეც დაეცე. ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის პირობებში ეს არის მომავალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ელოდება“.

ზურაბ მელიქიშვილის თქმით, იანვარ-თებერვალში მხოლოდ 1,7% იყო ზრდა, ამ პირობებში კი, ქვეყნის განვითარება ვერ მოხერხდება.

„საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, იმისათვის, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის ბალანსი ოდესმე დადებითი გახდეს, ექსპორტის მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს, საჭიროა მეტი საწარმოს შექმნა და მეტი ხელშეწყობა იმპორტისთვის. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა, აქ ჩნდება კითხვა: არის თუ არა სწორი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს? ამ სიტუაციაში წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია, ვერც იმას ვიტყვით, როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება, რადგან სიურპრიზებს მომავალშიც უნდა ველოდეთ“, - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ლარის გამყარებაში ლოგიკა არ ჩანს.

„საერთოდ, ნებისმიერ პროცესში გარკვეული ეკონომიკური ლოგიკა უნდა იყოს. ლარის ახლანდელ გამყარებაში კი ლოგიკა არ ჩანს, მაგრამ ერთი რამ უტყუარია: ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს რყევები კარგი არ არის. სამაგიეროდ, ლოგიკა ჩანს იმაში, რომ ჩვენი ლარი ერთგვარად მიბმულია რუბლის კურსზე. თუ დააკვირდებით, როდესაც რუბლი უფასურდებოდა, ჩვენი ლარიც უფასურდებოდა, ახლა რუბლმა გამყარება დაიწყო და ლარიც მყარდება. ეს იმ გზავნილების დამსახურებაა, რომელსაც ჩვენი ემიგრანტები ამ ქვეყნიდან აგზავნიან. ქართული ვალუტის გამყარება დღეს არც ისე ჯანსაღ პროცესებზეა მიბმული. რა განსაზღვრავს ლარის კურსს? - მოთხოვნა-მიწოდება და თუ დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია, ლარიც მყარდება, ეს კი, ჩვენს ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის. ცალსახად იმის მტკიცება, რომ ლარის ასეთი მოულოდნელი გამყარება კარგია, არ შეიძლება, რადგან ეკონომიკისთვის სტაბილურობა ყველაზე უკეთესი რამ არის. მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ ფაქტორებს, რომ ლარის კურსი შენარჩუნდება“, - აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, როგორც კი ეკონომიკა გაიზრდება, დოლარზე მოთხოვნაც მოიმატებს და ლარის კურსი კვლავ დაეცემა.

გია ხუხაშვილი: „ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ დღეს ლარი 3 თეთრით მყარდება და მეორე დღეს უფასურდება. ამით მხოლოდ ეკონომიკურმა სპეკულანტებმა შეიძლება ისარგებლონ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ამით ვერ სარგებლობს. არც მომხმარებლამდე მიდის ეს სიკეთე, რადგან ყოველდღიური რყევა ფასებზე ვერ აისახება, მით უმეტეს, რომ ექსპორტიც შემცირებულია და იმპორტიც, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა დაბალია. ამის გამო დოლარზე მოთხოვნა ნაკლებია და ლარიც მყარდება. ძნელი სათქმელია ეს პროცესი როდემდე გაგრძელდება, რადგან ჩვენ მომხმარებელი ქვეყანა ვართ. ჩვენ მოვიხმართ პროდუქტს, რომელიც მოსახლეობას ასაქმებს არა ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებში, თვითონ კი ტოტალური უმუშევრობის პირობებში ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი ვალუტის კურსზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება“.

გაცილებით ოპტიმისტურად აფასებენ ეროვნული ვალუტის მდგომარეობას ხელისუფლების წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ ყაჭეიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის გამყარება სავსებით ლოგიკურია.

„მთელს ევროპასა და მსოფლიოში იგივე ხდებოდა, რაც ჩვენთან. მეზობელ ქვეყნებში კი უფრო რთულად იყო საქმე. ახლა დოლარი აღარ ძვირდება და ლარიც გამყარდა. არც ის არის უცნაური, რომ რუსული რუბლის მდგომარეობა ლარის კურსზე მოქმედებს: ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ღვინო და კვების პროდუქტები რუსეთში უფრო დიდი რაოდენობით იყიდება, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. თანაც, ფულადი გზავნილების სახით რუსეთიდან ყოველთვის დიდი თანხა შემოდიოდა. როდესაც რუბლი მყარდება, საქართველოდან ემიგრირებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ უფრო მეტი თანხა გადმოაგზავნონ, რაც დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ექსპორტის მაჩვენებლები თანდათან მოიმატებს და ქართული ლარი მომავალში სტაბილური იქნება“, - აღნიშნა თამაზ ყაჭეიშვილმა.

ხათუნა ჩიგოგიძე