გიორგი კვირიკაშვილი - უახლოეს მომავალში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ახალი ინვესტიციები განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაჯამა. მისი ინფორმაციით, გუშინ აბუდაბის ტახტის მემკვიდრესთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

”ვისაუბრეთ კონკრეტულად მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე, კონკრეტულ პროექტებზე. უახლოეს მომავალში შედგება ვიზიტი, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. გუშინ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და ჩვენს ბიზნესმენებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი ინვესტიციები ამ ქვეყნიდან საქართველოს რამდენიმე სექტორში. ასევე ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.