როდის იმსჯელებს ევროპარლამენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ზუსტი თარიღი უცნობია

ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის იმსჯელებს ევროპარლამენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტში უნდა განიხილონ.

„ახლა უნდა დაინიშნოს მომხსენებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს კომიტეტის (LIBE) პოზიციის პროექტი ევროკომისიის წინადადებაზე. პროცედურის გრაფიკი ჯერ არ გადაწყვეტილა“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს წინადადება მარტის დასაწყისში წარუდგინა. სწორედ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.