დავით ნარმანია საგზაო სამუშაოებზე კონტროლს განახორციელებს

თბილისის მერი, დავით ნარმანია მნიშვნელოვან საგზაო სამუშაოებზე კონტროლს პირადად განახორციელებს. ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ტრანსპორტის, კეთილმოწყობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს დაავალა, რომ საგზაო სამუშაოები ისე უნდა დაიგეგმოს, სამუშაოებისგან გამოწვეული შეფერხებები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და გადაადგილება გადაულახავ სირთულეებს და ბარიერებს არ უკავშირდებოდეს.

"საგზაო სამუშაოები დაკავშირებულია გარკვეულ შეზღუდვებთან. ბუნებრივია, სამუშაოები უნდა დავგეგმოთ და ვაწარმოოთ ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შეფერხებები და შეზღუდვები. ამიტომ, ვავალებ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს, ტრანსპორტის სამსახურს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომ სწორად დავგეგმოთ შესაბამისი სამუშაოები, მოსახლეობა დროულად იყოს ინფორმირებული, რათა საგზაო სამუშაოებისგან გამოწვეული შეფერხებები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და გადაადგილება გადაულახავ სირთულეებს და ბარიერებს არ უნდა უკავშირდებოდეს. მნიშვნელოვან საგზაო სამუშაოებზე კონტროლს პირადად მე განვახორციელებ", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, გაზაფხულიდან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

"განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა მიმდინარე საგზაო სამუშაოებს. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დღეის მდგომარეობით 11 მისამართზე მიმდინარეობს გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. გარდა ამისა, ადგილობრივი გამგეობები შიდა კვარტალური გზების მოწესრიგებისთვის ძალიან აქტიურად მუშაობენ. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს გლდანში, ყაზბეგის ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჩიტაიას ქუჩაზე, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, მიმდინარეობს სამუშაოები კრწანისის რაიონში და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში. მნიშვნელოვანი საგზაო სამუშაოები, რაც გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება, დაგეგმილია აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტის და ჩარგლის ქუჩებზე. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ქუჩები, დედაქალაქისთვის მთავარი არტერიები, სადაც გზის საფარი არის დაზიანებული და შესაბამისად, საჭიროებს სამუშაოებს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.