დავით ნარმანია - 2017 წელს თბილისში 13 ბაღი აშენდება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს თბილისში 13 ახალი ბაღი აშენდება. როგორც ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხს დედაქალაქის მთავრობა დღეს განიხილავს და დაამტკიცებს.

„საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენი ინტენსიური ტემპი არათუ შენელდება, არამედ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. 2017 წლისთვის 30 ახალი საბავშვო ბაღი უნდა ჩავაბაროთ ქალაქს. 7 ბაღის მშენებლობა დავიწყეთ გასულ წელს, 10-ის მიმდინარე წელს და მომავალ წელს დაიწყება 13 ბაღის მშენებლობა. 2017 წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა იქნება ისეთ მისამართებზე, სადაც ძალიან მაღალია მოთხოვნა ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან. კერძოდ, ბაღები აშენდება გურამიშვილის #4-ში, მუხიანის დასახლების 1 მიკრო-რაიონში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრო-რაიონში, გლდანის დასახლებაში, გლდანის ხევის მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩაზე, მუხიანში საერთო საცხოვრებლების მიმდებარედ, სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ა.შ. ვავალებთ ბაღების მართვის სააგენტოს, კიდევ უფრო გააძლიეროს მუშაობა აღნიშნულ ტერიტორიებზე, დროულად მოამზადოს დოკუმენტაცია. ყველა ბაღი, რომელიც აშენდება, უნდა იყოს ენერგოეფექტური და უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი“, - განაცხადა ნარმანიამ.