საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-დან 2,5%-მდე შეამცირა

საერთაშორიო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2,5%-ს, 2017 წელს კი 4,5%-ს მიაღწევს.

წინა პროგნოზის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მიმდინარე წელს 3%-იან, ხოლო მომავალ წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

რაც შეეხება ინფლაციას, სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 4,3%-იან ინფლაციას ვარაუდობს, 2017 წელს კი 4,5%-იანს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე შეამცირა მსოფლიო ეკონომიკისა და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი.

ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის მშპ-ს ზრდის ტემპი მოსალოდნელი 3,4%-ის ნაცვლად 3,2%-ს შეადგენს, ხოლო 2017-ში აღნიშნული მაჩვენებელი მოსალოდნელ 3,6%-ის ნაცვლად 3,5%-მდე შემცირდება.

ფონდის ექსპერტთა პროგნოზით, აშშ-ში მშპ-ის ზრდის ტემპი წელს 2,6-ის ნაცვლად 2,4%-მდე დაიწევს, 2017 წელს კი 2,6-დან 2,5%-მდე. ევროზონაში ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს მოსალოდნელ 1,7-დან 1,5%-მდე შემცირდება, 2017-ში კი 1,7-დან 1,6%-მდე. საერთაშორისო სავალუტო ფონდში რისკად აფასებენ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასაც. ექსპერტების მოსაზრებით, ეს სერიოზულ ზიანს მოუტანს როგორც ევროპას, ისე დანარჩენ მსოფლიოს. პროგნოზში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკა „სულ უფრო ნელი ტემპით“ იზრდება და არსებობს ხანგრძლივი სტაგნაციის გარკვეული რისკი.

„გლობალური ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, თუმცა ისეთი ტემპებით, რომელიც უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამგვარად, მსოფლიო ეკონომიკა რისკებისთვის სულ უფრო დაუცველი ხდება. ზრდა მეტისმეტად ნელი და მეტისმეტად ხანგრძლივია“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.