თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშენდება

2016 წლის 23 მაისს, თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

”ქართუ ჯგუფის” ინფორმაციით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.

”პარალელურად (ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად) შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად”, - აცხადებენ ”ქართუ ჯგუფში”.

მათივე ინფორმაციით, ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, რაც მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს - სიმსივნის ადრონულ თერაპიას ეფუძნება.

„ტექნოლოგიურ ინსტიტუტს საქართველოსთვის იგივე დატვირთვა ექნება, როგორც CNAO-ს (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი) INFN-ს (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) იტალიისთვის და CERN-ს (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი) ევროპისთვის”, - აღნიშნავენ ”ქართუ ჯგუფში”.

”ქართულ ჯგუფის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით CERN, CNAO და INFN -თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი.

ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა. პროექტის დაფინანსებას მთლიანად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე