მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიწების აღრიცხვიანობის, გადასახადების დარეგულირებისა და მცირე ზომის მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მექანიზმის შემუშავება, ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრაზე ევროპული ქვეყნების მიწის კონსოლიდირების პროცესების ზოგადი მიმოხილვა გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, ექსპერტმა მიწის გამოყენების საკითხებში - მორტენ ჰარტვიგსენმა წარადგინა.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.