ქართველმა მოსწავლეებმა Magical Potion ბრენდის ქვეშ სუნამო გამოუშვეს

51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის ოთხმა მოსწავლემ Magical Potion ბრენდის ქვეშ სუნამო გამოუშვა.

სუნამოს შექმნის იდეის ავტორები ნინო ლომიძე, ნინი აფციაური, მარიამ გიორგაძე და გვანცა ამაღლობელი არიან.

მეათე კლასის მოსწავლეებმა პროდუქტის რეალიზაცია 10 აპრილიდან დაიწყეს. როგორც მარიამ გიორგაძემ "ბიზნესპრესნიუსს" უთხრა, გაყიდვები გრძელდება და სუნამოები სარეალიზაციოდ შესაძლოა, ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელშიც მოხვდეს.

საფრანგეთიდან გამოწერილი ნედლეულით გოგონებმა სამი სხვადასხვა სურნელის მქონე სუნამო დაამზადეს. მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქციის სარეალიზაციო ფასი 14 ლარია. გოგონები პროდუქტზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

თბილისი მოლში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე გოგონებმა 30 სუნამოს რეალიზაცია მოახერხეს. მათმა პროდუქციამ ,,საუკეთესო გაყიდვების პრიზი” მიიღო.

,,თუ პროექტი წარმატებით დასრულდა, წარმოებას გავაგრძელებთ და პროდუქციის გაუმჯობესებაზეც ვიმუშავებთ”, - აღნიშნავს მარიამ გიორგაძე.

გოგონებმა სუნამოები Junior Achievement Georgia-სა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაამზადეს.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე