აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და პიარ კამპანიები აქტიურ ფაზაშია

აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და პიარ კამპანიები აქტიურ ფაზაშია. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტული სეზონისთვის მზადება 10 სამიზნე ქვეყანაში უკვე დაწყებულია. პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, რკინიგზისა და ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სარეკლამო სტატიების განთავსებას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანიები ძირითადათ, სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს, მასში 30-მდე ქალაქია ჩართული.

„მიმდინარე წელს, პიარ აქტივობებიდან აღსანიშნავია აჭარის დღეები, რომლებსაც წელს, პირველად მინსკსა და თელ-ავივში ვუმასპინძლეთ. არაოფიციალურ მიღებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. ქართულმა ფოლკლორმა და სამზარეულომ სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაზეც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში გავრცელებული სტატიები, ბლოგები და ტელე-სიუჟეტებიც მეტყველებს. მინსკისა და ვარშავის შემდეგ აჭარის დღეებს 21 აპრილს ვარშავაში და 25 აპრილს ასტანაში ვუმასპინძლებთ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები 9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინის, პეკინის, კატოვიცეს, ვროცლავის, სტამბულის, ვილნიუსის, თელავივის, კიევის, ბაქოსა და მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.

გამოფენებიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მინსკის ტურისტულმა გამოფენამ, სადაც წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. წლის ბოლომდე დეპარტამენტი დამატებით 7 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის: დუბაის, ვარშავის, სამხრეთ კორეის, სეულის, ტოკიოს, მოსკოვისა და ყაზახეთის გამოფენებზე.

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით დეპარტამენტი წელსაც აგრძელებს რეგიონში პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას. დღემდე დეპარტამენტმა 6 პრეს და ინფო ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს 120-მდე მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელი ეწვია. წლის ბოლომდე კი სამიზნე ქვეყნებიდან დეპარტამენტი რეგიონში 15 ინფო და პრესს ტურს უმასპინძლებს, რის განმავლობაშიც აჭარას 150-ზე მეტი ტურისტული სააგენტო და ჟურნალისტი ესტუმრება.