ფრანგმა ბიზნესმენმა უსახლკარო მამაკაცს საცხობი აჩუქა

საფრანგეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა უსახლკარო მამაკაცს, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა, საკუთარი საცხობი სიმბოლურ თანხად - 1 ევროდ გადასცა.

62 წლის მიშელ ფლამანი ყვება, რომ შარშან საცხობში გაუმართავი ღუმელის გამო გაზით მოიწამლა.  ამის შემსწრე 37 წლის უსახლკარო მამაკაცმა ჟერომ ოკანმა მაშველები გამოიძახა და ამით საცხობის მეპატრონე სიკვდილს გადაარჩინა.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ფლამანმა ახალგაზრდა უსახლკარო საცხობში დაასაქმა, თუმცა როდესაც გაიგო, რომ შვილებს ოჯახური ბიზნესის გაგრძელება არ სურთ, გადაწყვიტა საცხობი თავისი მხსნელისთვის დაეთმო.

„მაინტერესებს თავისუფლება და არა - ფული. მინდა დავისვენო. რატომ უნდა ვთქვა ყველაფერზე უარი, როცა ამით ჟერომსაც გავაბედნიერებ“, - აცხადებს ფრანგი ბიზნესმენი.

მისი თქმით, უსახლკარო მამაკაცი თავის მოვალეობებს კარგად უმკლავდება.