ტურიზმის ადმინისტრაციამ კიევში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კიევში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - “UITT2016” მიიღო მონაწილეობა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამოფენაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, Capital Georgia Travel, Liberty Georgia Destination Management, Sairme hotels and resorts, Prestige tour, Borjomi Palace, Georgian Discovery tours და Travel To Georgia 2010.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის რიგით 22-ე საერთაშორისო გამოფენას საშუალოდ მსოფლიოს 60-ზე მეტი სახელმწიფოდან 22,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

“გამოფენას 700 კომპანიიდან 7500-ზე მეტი საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი წარმომადგენელი ეწვია. საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.

უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის მარტში საქართველოს უკრაინიდან 11 366 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.9%-ით მეტია”, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.