საქართველოს 2 600-ზე მეტ სოფელში გაზიფიცირება კვლავ არ დაწყებულა

რეგიონების გაზიფიცირებაზე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

კალაური და ვაჩნაძიანი - გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზედა მესხეთი და ქვედა მესხეთი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა - ლანჩხუთის რაიონში, გელათი და მოწამეთა - ტყიბულის მუნიციპალიტეტში - ეს იმ დაბებისა და სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს უნდა განხორციელდეს. საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმა უკვე შემუშავებულია და არაერთი დასახლების ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმა თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მნიშვნელოვანი პროექტი, „ბიზნესპრესნიუსი“ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსს, დავით შარიქაძეს ესაუბრა.

დავით შარიქაძე - ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში ბუნებრივი აირი მრავალ დასახლებულ პუნქტს მიეწოდებოდა. იმ დროს აშენებული ქსელის დიდი ნაწილი დღეს უკვე განახლებულია. 30-40 წლის წინ სულ სხვა კონსტრუქციები იყო, რის გამოც ძველ ქსელში დანაკარგები მეტია, ამიტომ მათი შეცვლა აუცილებელიც კია. თბილისსა და ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს ბუნებრივი აირი უწყვეტად მიეწოდებოდა, მაგრამ არის ადგილები, სადაც ქსელი გაიძარცვა, ზოგან კი გაზმომარაგება არასოდეს ყოფილა. კომპანია „სოკარმა“ ბოლო წლებში, 200 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება შეძლო, რომელსაც ბუნებრივი აირი არასოდეს ჰქონია. ეს ამ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება იყო. ალბათ დამეთანხმებით, რომ 200 ათასი აბონენტი ცოტა ნამდვილად არ არის.

- ბატონო დავით, რა ხდება ამჟამად? როგორ მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები?

- რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და გაუმჯობესება დღესაც მიმდინარეობს. ისეთი სისტემები იქმნება, რომ თუ სადმე ქსელი დაზიანდება, სხვა წყაროდან მიწოდების საშუალება გვქონდეს. სამწუხაროდ, საქართველოში კიდევ ბევრი დასახლებული პუნქტია, რომელსაც გაზი არ მიეწოდება, მაგრამ ამაზე არანაკლები სატკივარია ნაწილობრივ გაზიფიცირებული ასეულობით სოფელი, სადაც სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი მიეწოდება, ნაწილს კი - არა. რა თქმა უნდა, ეს გაზმომარაგების გარეშე დარჩენილი ოჯახების უკმაყოფილებას იწვევს. ასეთი, ნაწილობრივ გაზიფიცირებული დასახლებული პუნქტი ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტია. ხოლო ისეთი სოფლები, სადაც გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ დაწყებულა - 2 600-ზე მეტი.

- როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება?

- ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი მხრივ, ვცდილობთ ავითვისოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და მეორე მხრივ, კერძო კომპანია „სოკარიც“ მუშაობს მოსახლეობის გაზით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 20 მილიონი ლარის წყალობით, შარშან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა: ამ თანხით კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე 58 სოფლის გაზიფიცირება შევძელით, ასევე - სხვადასხვა რეგიონში არსებული 80-მდე სოფლისა. წელსაც, ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი და კვლავ გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. პროექტს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს, რომელიც უკვე ემზადება ტენდერების გამოცხადებისა და სამუშაოს დაწყებისთვის.

- რაც შეეხება „სოკარს“ - ამ კომპანიის მოვალეობებში რა შედის?

- „სოკარს“ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აქვს აღებული ვალდებულება, რომ 2016-2017 წლებში კიდევ 50 ათასამდე აბონენტის გაზმომარაგება უნდა უზრუნველყოს. აქვე უნდა ვთქვა, რომ მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. მაგალითად, შარშან ონის გაზიფიცირება დავიწყეთ, მაგისტრალი ავაშენეთ, რის გამოც ონი და მისი მიმდებარე ოთხი სოფელი ბუნებრივი აირით დაუბრკოლებლად მარაგდება. წელს დაგეგმილია ორი მაღალმთიანი სოფლის გაზიფიცირება ზესტაფონის რაიონში, 15 სოფლისა - ახმეტაში, კასპის რაიონში, ოზურგეთისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში... ყველას აქ ვერ ჩამოვთვლი. გაზსადენის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია მანგლისსა და აბასთუმანში. მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო ზონაა, იქაურ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ დასახლებებიდან ზოგი სულაც არ არის მაღალმთიანი, მაგრამ ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ამჟამად მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება „სოკართან“ და სულ მალე გვექნება დაზუსტებული მონაცემები, სულ რამდენი პუნქტის გაზიფიცირებას შევძლებთ წელს. ამ კვირის ბოლომდე უკვე ყველაფერს გავარკევთ და შევჯერდებით.

- თუ არის ისეთი რეგიონები, რომლებიც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება?

- რასაკვირველია. მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, რომ ყველა დასახლება გაზიფიცირებული იყოს, რადგან არსებობს რეგიონები, რომელთა გაზიფიცირება ეკონომიკურად მომგებიანი არ არის, მაგალითად, ჩვენთან ასეთი ადგილებია მაღალმთიანი აჭარა, მესტია და ა.შ... ასეთ ადგილებში მშენებლობაც ძალიან ძვირი ჯდება და მერე ქსელის შენახვაც. 200 კილომეტრის სიგრძის ხაზი უნდა გავიყვანოთ, რომ მარტო მესტია მოვამარაგოთ გაზით. ასეთ დროს უმჯობესია ალტერნატიული წყაროები გამოვძებნოთ და ჩვენს მოსახლეობას უკეთესი საარსებო პირობები ამ გზით შევუქმნათ. ასეთი წყარო ბევრია: ბიომასა, მზის ენერგია, ქარის ენერგია და ა.შ... იმაზეც ვფიქრობთ, რომ რეგიონების გაზიფიცირების შემდეგ უფრო მეტი ბუნებრივი აირი დაგვჭირდება და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა: მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანთან, აზერბაიჯანთან. როდესაც დასრულდება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გაზსადენის მშენებლობის მეორე ფაზა, იქიდან წილი ჩვენც დაგვრჩება. და ბოლოს, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება პირველ რიგში სოციალური თემაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ხათუნა ჩიგოგიძე