რაჭაში შვეიცარიული ყველის წარმოება და ღორების მოშენება დაიწყება

18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რამდენიმე საწარმო რაჭაში და 60-მდე დასაქმებული ადამიანი -  კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობის შედეგია.

რატომ გადაწყვიტეს რაჭაში ინვესტირება და რა გეგმები აქვს კომპანიას, ამაზე კომენტარი ”ბლაუენშტაინ საქართველოს” ფერმისა და ხორცის წარმოების ხელმძღვანელს თათია არაბიძეს ვთხოვეთ:

- კომპანიის შექმნის მიზანი იყო ქვეყანაში ყოფილიყო უმაღლესი ხარისხის ნატურალური ხორცი, რომელიც იქნებოდა უსაფრთხო და ევროპული სტანდარტის შესაბამისი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია რაჭის რეგიონის განვითარებაშიც შევიტანოთ გარკვეული წვლილი. კომპანიის დამფუძნებელს ირაკლი კერვალიშვილს ყოველთვის უნდოდა რაღაც გაეკეთებინა რაჭისთვის და ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო ფერმების გაკეთება. შემდეგ დაარწმუნა მისი შვეიცარიელი მეგობარი და პარტნიორი მაქს ბლაუენშტაინი, რომ აქ ინვესტიციის განხორციელება კარგი იქნებოდა. ირაკლი კერვალიშვილმა ევროპელ პარტნიორებს აჩვენა, რომ რაჭაში არის მეცხოველეობისთვის იდეალური პირობები, გააცნო ბაზრის კვლევა, რითაც დაანახა, მიუხედავადა იმისა, რომ ბაზარზე ხორც-პროდუქტების მწარმოიებელი რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი, მაინც არის ნატურალური, ევროპული სტანდარტის ხორცის დეფიციტი.

- როდის დაიწყო მშენებლობა და საქონლის შემოყვანა?

- კომპანია შეიქმნა 2008 წელს, მაგრამ ერთი წელი ინფრასტრუქტურის გამართვას დასჭირდა, 2009 წელს შემოვიყვანეთ საქონელი სომხეთიდან, რათა ადგილზე დაგვეწყო ხელოვნური განაყოფიერება, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მთლად მართებული გადაწყვეტლება და ამის მერე ადგილზე დავიწყეთ საქონლის ყიდვა. მათი განაყოფიერება ხდება ხელოვნურად და უკვე 2020 წელს გვეყოლება სუფთა სისხლის შვიცი და სიმენტალი.

- რა განსაკუთრებული თვისებების მატარებელია ეს ორი ჯიში?

- კომპანია შვეიცარულია და გვინდოდა საქონლის ჯიშიც შვეიცარიული ყოფილიყო. მესაქონლეობაში არსებობს სამი მიმართულება - მერძეული, მეხორცული და მთის ჯიში. სიმენტალი და შვიცი ორივე არის მთის და გამოიყენება როგორც რძეზე, ასევე ხორცზე. შესაძლოა, სუფთა მერძეულს რძეში, ხოლო მეხორცულს ხორცში ჩამოუვარდეს, მაგრამ მთაში ამ ჯიშებს ვერც ერთი ვერ შეედრება.

- თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რეგიონის განვითარება იყო, რა შეიცვალა კომპანიის დაარსებიდან 8 წლის შემდეგ?

- ძალიან ბევრი ადამიანს სურს ჩვენი პარტნიორობა. კომპანიის სათავო ოფისი არის სოფ. შარდომეთში, თუმცა პარტნიორი ფერმები გვაქვს საკმაოდ მოშორებულ სოფლებში ანუ რეგიონის რამდენიმე ადგილი გვაქვს ათვისებული. ეს ჩვენთვის კარგია იმიტომ, რომ ერთ სოფელში ფაქტობრივად, შეუძლებელია 600 სული საქონლის გამოკვება და ასეთი ფორმით საქონელი გადანაწილებულია სხვადასხვა სოფლებში და გაფართოებულია არეალი. შესაძლოა, მთელი რეგიონი ვერ განვითარდეს, მაგრამ სხვადასხვა ადგილას ფერმის არსებობა ზრდის მოსახლეობის დასაქმების შანსს.

- საქართველოს სხვა კუთხეში თუ აპირებთ ფერმის გახსნას?

- სხვა რეგიონებში გავალთ იმ შემთხვევაში და ეს აუცილებლად მოხდება, როდესაც პროექტი იქნება იმდენად სრულყოფილი, რომ მხოლოდ კოპირება და სხვაგან გადატანა იქნება საჭირო. დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება ღორების ფერმაც, სადაც ასევე შვეიცარული ჯიშის ღორი იქნება, ხოლო 2 წელიწადში უკვე ყველის წარმოებასაც დავიწყებთ.

- თქვენს მსგავს კომპანიებს, რომლებიც მაღალ სტანდარტებზე აცხადებენ პრეტენზიას, დაცული აქვთ ე.წ. ჰუმანური დაკვლის მეთოდი...

- საქონელზე ცუდად მოპყრობა იწვევს ძალიან დიდი ცვლილებებს ორგანიზმში. როცა საქონელს ცემით მიათრევენ სასაკლაოზე, გარდა იმისა, რომ არაჰუმანურია, ამ დროს სისხლში კრიტიკულ ზღვრამდე იმატებს ადრენალინის რაოდენობა. ამის გამო, საგემოვნო თვისებები მკვეთრად მცირდება, ხორცი მაგრდება და მისი დაღეჭვაც კი რთულია. გარდა ამისა, ასეთ დროს სისხლში ისეთი მინარევები ჩნდება, რომ თუ ის არ გამოვიდა ორგანიზმიდან ჯანმრთელობისთვისაც საშიშია ასეთი ხორცის მიღება. ჩვენთან ეს ყველაფერი აბსოლუტურად სტანდარტების მიხედვით ხდება ანუ დაცულია ე.წ. ჰუმანური დაკვლის მეთოდი, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი ხორცი 100%-ით უსაფრთხოა.

- ზოგადად, რამდენად მომგებიან ფერმერობა საქართველოში?

- ჩვენი პარტნიორი ფერმერებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა მომგებიანია, მაგრამ უშუალოდ კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს" საქმიანობა რამდენად მომგებიანია, ამის თქმა ძალიან ადრეა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბიზნესი რა თქმა უნდა არის მომგებიანი. შედარებისთვის გეტყვით - 2008 წლიდან დღემდე დახარჯულია 18 მილიონი ლარი და ერთადერთი ობიექტი, საიდანაც შემოსავლის მიღება ხდება - მაღაზია, გაიხსნა შარშან ( სამი წლის მანძილზე გაიხსნება კიდევ ორი). ჩვენ არ ვჩქარობთ, რადგან სიჩქარით დაიღუპება ბიზნესი, სიჩქარით ვერ შევქმნით ელემენტარულ ინფრასტრუქტურასაც კი. ჩვენ არც მომავალ წელს არ ველოდებით მოგებას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგება აუცილებლად იქნება, რაც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები.

ლადო გოგოლაძე