აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება

აგარა-ზემო ოსიაურის 7 კმ-იანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ რუბრიკას - „ვიდეორეპორტაჟი“ სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან.

უწყება ამჯერად ჩქაროსნული გზატკეცილის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობის ამსახველ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატით არის გადაღებული.

”ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - 12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ ლარზე მეტია.

”აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო”, - ნათქვამია განცხადებაში.