მანქანები იაფად - ზაფხულში ჰიბრიდის ფასი შემცირდება

მაისიდან ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობლების იმპორტზე აქციზის გადასახადი განახევრდება, ხოლო მანქანების ღირებულების ფასი დაახლოებით 5-10%-ით დაიკლებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, განბაჟების წესის შეცვლა ჰიბრიდული მანქანების იმპორტს წაახალისებს და ავტოპარკის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სავარაუდოდ, ზაფხულში ასეთი ტიპის მანქანები გაიაფდება და მყიდველიც უფრო დაინტერესდება.

ბოლო 3-4 თვეში მთლიანი ატოპარკის შემადგენლობაში ჰიბრიდული მანქანების წილმა 5%-ს გადააჭარბა. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, გაორმაგდება. რამდენიმე წელიწადში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს რეკლამა არც დასჭირდება და მომხმარებელში ისედაც პოპულარული იქნება.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, შეღავათი 1-ლი მაისიდან ამოქმედდება. შესაბამისმა ინიციატივამ, რომელიც პარლამენტის "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციას ეკუთვნის, საკანონმდებლო ორგანოში ორი მოსმენა გაიარა და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

"საგადასახადო შეღავათი სტიმულს მისცემს ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანას საქართველოში, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს ძველი მანქანების თანდათან ჰიბრიდულით ჩანაცვლება. ახალი კანონმდბელობა 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზეც გავრცელდება და ეს თავისთავად ხელს შეუწყობს პარკის განახლებას. ცხადია, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა მეჭიაურმა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების მასობრივი მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.

არასამთარვობო ორგანიზაციის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა განმარტავს, რომ ჰიბრიდულძრავიან მანქანებზე საგადასახადო შეღავათი მნიშვნელოვნად წაახალისებს ნაკლებხარჯიან, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების იმპორტს ქვეყანაში.

"მოქმედი კანონმდებლობით, აქციზის გადასახადი მხოლოდ ელექტრომობილებზეა ნულოვანი, ხოლო ჰიბრიდულზე ამ ტიპის გადასახადი წლოვანების და ძრავის სამუშაო მოცულობის (ე. წ. კუბატურის) მიხედვით იანგარიშება.

მივესალმები, რომ პროექტს პარლამენტის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მოთხოვნა ჰიბრიდულ მანქანებზე მაღალია და მის მიმართ ინტერესი რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ერთი მხრივ, ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ეკოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარეც, საუკეთესოა.

ახალ საკანონმდებლო პაკეტში საუბარია ახალი, დაბალი წლოვანების მანქანების წახალისებაზე, რაც კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ავტოპარკის 80%-ზე მეტი 10 წლისა და მეტი ასაკის მანქანებს უჭირავს. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია საგადასახადო შეღავათთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც იზრუნოს", - აცხადებს კვაშილავა.

გარდა იმსა, რომ მაისიდან იმპორტის გადასახადი განახევრდება, ცვლილება იქნება ფასში. სპეციალისტების ვარაუდით, ჰიბრიდული მანქანების ფასი 5-დან 10%-ის ფრაგლებში შემცირდება, დაახლოებით ამდენით მოიმატებს მათი წილიც მთლიანად ავტოპარკში.

ასე ფიქრობს "საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე, რომლის შეფასებითაც, საგადასახადო შეღავათი ავტოპარკის განვითარებას მნიშვნელოვანდ წაახალისებს.

"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ინიციატივა თავდაპირველად "ეკო ტრანსპორტ ცენტრს" ეკუთვნის, შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა გაიტანეს პარლამენტში. ჩვენი მოთხოვნა იყო გადასახადის განულება, საბოლოოდ იგი განახევრდა, რაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მართალია, ამ კატეგორიის ავტომანქანების თვითღირებულება არის მაღალი, მაგრამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, ფასი დაახლოებით 5-დან 10%-მდე შემცირდება.

მანქანის ყიდვისას მომხმარებელი აქცენტს ღირებულებაზე აკეთებს, მაგრამ თითქმის არავინ ითვალისწინებს ექსპლოატაციის ხარჯს. ჰიბრიდულს ეკონომიის მხრივ აქვს ის უპირატესობაც, რომ საერთო ხარჯს 50%-ით ამცირებს", - აცხადებს ურუშაძე.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილება დიდ შედეგს მოიტანს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. შიგა წვის ძრავის მანქანებთან შედარებით, ჰიბრიდული საწვავს განახევრებული რაოდენობით მოიხმარს.

"ბოლო 3-4 თვეში მთლიანი ავტოპარკის შემადგენლობაში ჰიბრიდული მანქანების წილმა 5%-ს გადააჭარბა. სპეციალისტების ვარაუდით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, გაორმაგდება. ამისთვის მაღალი დონის საინფორმაციო კამპანია უნდა გატარდეს. რამდენიმე წელიწადში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს რეკლამა არც დასჭირდება, რადგან მომხმარებელში ისედაც გახდება პოპულარული", - აცხადებს ვასო ურუშაძე.

იმპორტიორებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ჰიბრიდულძრავიანი მანქანების შესაძენად მზად არ არის. კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ფიქრობს, რომ ამ ტიპის მანქანების წილი იმპორტში, შეღავათის დაწესების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატებს.

"ჰიბრიდულძრავიანი მანქანები უცხოეთში ძვირი ღირს, რის გამოც მასზე მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ გვაქვს. თუმცა ძალიან პრაქტიკული და ეკოლოგიური ტრანსპორტია, რაც ამ ტიპის მანქანების დიდი უპირატესობაა. თუმცა თვითღირებულება იმდენად დიდია, რომ რა შეღავათიც უნდა დაწესდეს, იმპორტის თვალსაზრისით სასურველი შედეგი არ ექნება. მოსახლეობა ავტომობილებში, საშუალოდ, 5-6 ათასი დოლარის გადამხდელია. ჰიბრიდული მანქანების თვითღირებულება კი 5000 ევროზე ნაკლები არ არის", - განმარტავს ჯამაგიძე და დასძენს, რომ ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა იმპორტიორებისთვის რისკიანია.

"ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე მანქანების წილი ადგილობრივ ბაზარზე, სავარაუდოდ, 4-5%-ია. შეღავათის დაწესებით მათი რაოდნეობა სამომავლოდ, შეიძლება 7-8%-მდე ავიდეს. შეიძლება ცოტა მეტიც გახდეს. ცხადია, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რის იმედიც პროექტის მხარდამჭერებს აქვთ. ჩვენ იმპორტს მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან ვახორციელებთ. ჰიბრიდული მანქანების სეგმენტს არ მოვიცავთ, რადგან ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

საბოლოოდ, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ავტოპარკის განახლების სტრატეგია უნდა შეიქმნას, დღესდღეობით კი ეს არ არსებობს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"