სოფელ სარფთან პრობლემურ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

წუხელ გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 119 კმ-ზე (სოფ. სარფთან) არსებული კლდიდან, 2000 კუბურ მეტრზე მეტი მოცულების მიწა-კლდის ზვავი ჩამოვიდა, რომელმაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურის მიერ ოპერატიულად განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზაზე მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, დაზიანებული უბნის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გზის განაპირა ერთ ზოლზე.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები (სამთო ინჟინრები), რომლებიც კლდეზე დარჩენილი დაზიანებული კერის აფეთქების გზით ჩამოშლაზე მუშაობენ.

პრობლემურ და მიმდებარე ტერიტორიაზე, საფრთხეების გამოვლენის მიზნით, კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ მოწვეული გეოლოგები. აღნიშნული კვლევის შედეგად კი კლდის ფერდზე ჩასატარებელი შემდგომი პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება.