კახა კალაძე ირანის მიმართულებით ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანის მიმართულებით ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

როგორც კალაძემ განაცხადა, ამას ითვალისწინებს საქართველოს, რუსეთს, ირანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მოხარული ვარ, თუ ჩვენ შევძლებთ სრულყოფილად განვახორციელოთ იგი. ეს ითვალისწინებს ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას ირანის მიმართულებით. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას სანქციები მოეხსნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის რესურსები და შესაძლებლობები. დღეს ჩვენ ელექტროენერგიით ვაჭრობა გვაქვს თურქეთის მიმართულებით; ასევე პატარა მოცულობებით, თუმცა მაინც ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა სომხეთთან; ჩვენ გვაქვს ძალიან მჭირდო, კარგი ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ უფრო გავაძლიერებდით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის კუთხით გარკვეულ პროექტებს“, - განაცხადა კალაძემ.

მან მაგალითად დაასახელა, რომ სომხეთთან არსებული ელექტროგადამცემი ხაზი არ იძლევა უფრო მეტი მოცულობების გატარების საშუალებას.

„თუმცა, ჩვენ როგორც ვიცით, სომხეთი მუშაობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მშენებლობის პროექტზე, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ პროექტის განხორცელების შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ინვესტორებს მივცეთ საშუალება, რომ განახორციელონ ვაჭრობა არამარტო თურქეთის მიმართულებით, არამედ სომხეთის გავლით ირანის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

“რია ნოვოსტის” ცნობით, საქართველო, რუსეთი, სომხეთი და ირანი ენერგოსისტემების სინქრონიზაციას გეგმავენ. მიმდინარე კვირას ერევანში ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “საგზაო რუკას” ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობის მომზადების შესახებ, ასევე, მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ლევონ იოლიანმა და ირანის ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ჰამიდ ჩიჩიანმა. შეგახსენებთ, რომ ერევანში საქართველომ, სომხეთმა, ირანმა და რუსეთმა ოთხმხრივი მემორანდუმი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასული წლის დეკემბერში გააფორმეს.