სოფელ სარფთან ცენტრალური გზა დაიკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 119 კმ-ზე (სოფ. სარფთან) ჩამოშლილი გზისპირა კლდის ფერდის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც ცენტრალური გზა 15:00 სთ-დან დაიკეტება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისა და გზის გაწმენდის შემდეგ, გზა ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის დღესვე გაიხსნება.

წუხელ გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 119 კმ-ზე (სოფ. სარფთან) არსებული კლდიდან, 2000 კუბური მეტრზე მეტი მოცულების მიწა-კლდის ზვავი ჩამოვიდა, რომელმაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ ოპერატიულად განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზაზე მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგა.

ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, დაზიანებული უბნის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გზის განაპირა ერთ ზოლზე.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები (სამთო ინჟინრები), რომლებიც კლდეზე დარჩენილი დაზიანებული კერის აფეთქების გზით ჩამოშლაზე მუშაობენ.

პრობლემურ და მიმდებარე ტერიტორიაზე, საფრთხეების გამოვლენის მიზნით, კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ მოწვეული გეოლოგები. აღნიშნული კვლევის შედეგად კი კლდის ფერდზე ჩასატარებელი შემდგომი პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება.