იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2016” მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წარდგენილია 8 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია:„თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ბარგატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „მარანული“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „ბესინი“.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების პირველ დღეს ქართული ღვინის დეგუსტაცია/სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან დიდი ინტერესი იყო.

იაპონია 2014 წელს გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო 2 წლის მანძილზე, ქართული ღვინო იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე უკვე მეხუთედ არის წარმოდგენილი.

ქართული ღვინის კომპანიების აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. ,,Wine and Gourmet Japan 2016”-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მარტო იაპონიაში, არამედ მეზობელი აზიის ქვეყნებში.

გასულ წელს „Wine and Gourmet Japan’ -ს ესტუმრა 75 ათასზე მეტი ვიზიტორი. გამოფენისადმი ინტერესი წელსაც დიდია. ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა პრიორიტეტულია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. წელსაც გამოფენაზე თავს მოიყარეს წამყვანმა ღვინის სპეციალისტებმა, ბაიერებმა და იმპორტიორებმა აზიის მასშტაბით.