ორგანიზაცია "MOLI კახეთში" მეცხოველეობის დარგის განვითარების პროექტს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "MOLI კახეთში" მეცხოველეობის დარგის განვითარების პროექტს იწყებს. ორგანიზაციამ ამჯერად ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებსა და კახეთის რეგიონის მედია ორგანიზაციებს შორის შეხვედრა თელავში გამართა, სადაც სამივე სფეროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, იშვიათია შეხვედრები სადაც პოტენციური დონორები, პოტენციური დამკვეთები და მედია ხვდება ერთმანეთს.

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა რეკლამის პოტენციურ დამკვეთებს გავაცანით ის შესაძლებლობები რაც რეგიონში ბაზირებულ მედია საშუალებებს გააჩნიათ, ვისაუბრეთ თუ როგორია და როგორი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქება, ვფიქრობ, შეხვედრა შედეგიანი და ძალიან აუცილებელია", - განაცხადა კუპრაშვილმა.

"პროექტი მუშაობს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სამი მიმართულებით: ბაზრის წვდომა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ რძის საწარმოებთან და სასაკლაოებთან უმეტესად სურსათის უვნებლობის საკითხებთან მიმართებაში. მეორე არის წარმოება და აქ ვმუშაობთ სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელ კომპანიებთან. მესამე მიმართულებაა ბიზნეს გარემოს შექმნა - აქ ვიმუშავებთ კერძო სექტორთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი იყენებს „აამუშავე ბაზრები ღარიბებისთვის“ (M4P) მიდგომას, რაც ხელს უწყობს მდგრადი, ისეთი სისტემური ცვლილების დანერგვას, რომელიც საჭიროა მოწყვლად ქალ და მამაკაც ფერმერთა ყოფის გასაუმჯობესებლად და შემოსავლების გასაზრდელად", - განაცხადა "MOLI კახეთის” დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ღოღობერიძემ.