მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო

საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში კავკასიის მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 2016 გაიხსნა, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და Expo Georgia-ს ორგანიზებით ტარდება. გამოფენის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე National Tourism Awards.

საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის გახსნას მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი, მერიის განათლების, კულტურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობს 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანია. ასევე, საქართველოს სტენდებით წარმოდგენილნი არიან საქართველოს რეგიონები. გამოფენაზე სრულადაა ნაჩვენები მათი ტურისტული პოტენციალი: საზღვაო და სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმი და ა.შ.

საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე ტურისტულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, უშუალოდ კონტაქტი ჰქონდეთ პოტენციურ პარტნიორებთან, ისინი ადგილზე ხვდებიან მომხმარებლებს, ვისაც შეუძლია შეიძინოს მათი ტურისტული პაკეტი.

14-16 აპრილის ჩათვლით, 3 დღის განმავლობაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა-ბაზრობა და დაგეგმონ მოგზაურობა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე 2000 წლიდან მონაწილეობს.