პალიტრა L-ის გათამაშების გამარჯვებულთა რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

რას იგებთ მომენტალურად გათამაშებაში?

პალიტრა L-ის გრანდიოზული გათამაშება გრძელდება. უპრეცედენტო ლატარეაში, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია, მომენტალური პრიზი ადგილზე გაიცემა. ლატარეამ სტარტი 31 მარტს აიღო, დღეს კი წიგნის სახით მომენტალური პრიზის მფლობელთა რაოდენობა 8 400-ს აღწევს. შესაბამისად, ყველა მათგანს აქვს შანსი, გახდეს მთავარი პრიზის მფლობელიც. გათამაშების წესების თანახმად, ლატარეაში მონაწილე ყველა მოთამაშე ბილეთის ველის გადაფხეკისა და გარანტირებული პრიზის - წიგნის მოგების შემდეგ, ავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 ძირითადი პრიზი: ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6 s.

გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია "პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის, ძვირადღირებულიც. მაგალითად, წიგნები სერიებიდან: "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 20-ლარიანი შენაძენით, შესაძლოა, ბევრად ძვირადღირებული წიგნი მიიღოთ საჩუქრად.

ქეთი მიქიანი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც 20-ლარიანი შენაძენით 30-ლარიანი წიგნი მოიგო.

ქეთი მიქიანი: „ქართული ხალხური ზღაპრების დიდი კრებული მოვიგე, 30 ლარიანი და ძალიან გამეხარდა იმიტომ, რომ შვილიშვილი მყავს და წავუკითხავ. ძალიან მომეწონა პატარა წიგნები რომ არის, ერთი ოქროზე იყო, მეორე ბეკენბაუერზე. ჩემი შვილიშვილი 6 წლის არის, ძალიან უყვარს ფეხბურთი და ისე გაეხარდა, თითქოს მისთვის ბეკენბაუერი მიმეყვანოს. სხვა წიგნებიც მოვიგე, ზღაპრების. ფაქტობრივად, ჩემი შვილიშვილისთვის ვითამაშე. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გამომცემლობის და ვაპირებ წიგნებიც გამოვიწერო სამომავლოდ“.

მაია ვანიშვილი: „ორი წიგნი შევიძინე. თელავის მაღაზიაში ავიღე ერთი ბილეთი და კომპიუტერის შესახებ საკმაოდ ვრცელი წიგნი მოვიგე. ცხოვრებაში არაფერი მომიგია და ძალიან გამეხარდა თუმცა კარგი იქნებოდა, რაიმე მხატვრული ლიტერატურიდან მომეგო“.

თინათინ ქართველიშვილი: „ ერთი წიგნი შევიძინე და ერთი მოვიგე. ”თბილისი მოლში” გადმოგვცეს ბილეთი. მე მეგონა, მომგებიანი არ იყო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, უბრალო პიარი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ „ტოლსტოის ”აღდგომა” მოვიგე. ჩემი მოგების შემყურე, შემდეგ ჩემმა მეგობრებმაც შეიძინეს წიგნები. მართალია, მათ პატარა წიგნები მოიგეს, მაგრამ მაინც ძალიან გაეხარდათ, საჩუქარი და მითუმეტეს წიგნი, ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა“.

იმის გათვალისწინებით, რომ ლატარეაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე მკვეთრად მატულობს, ორგანიზატორთა განცხადებით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.