სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 20 წელია არ ფუნქციონირებს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შენობა მთლიანად გარემონტდება.

”კერამო-გრანიტითა და ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება იატაკი, გაკეთდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მდფ-ის კარები, გამოიცვლება შენობის სახურავი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, მოწესრიგდება ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს მოპირკეთებასაც ითვალისწინებს.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 922 556,31 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული”, - განმარტავენ სამინისტროში.