ნოდარ ხადური სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან, ქალბატონ ლორა ტაკთან და ბატონ სირილ მიულერთან; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ლასლო ბარანიასთან.

შედგება შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატერინა მატერნოვასთან. ასევე, შედგება მოლაპარაკებები ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს გაიმართება ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ერთობლივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე მინ ჟუსთან; სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორ მენო შნელთან; სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მასუდ აჰმედთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრის ციცირაგოსსთან.

”შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.