რატომ არ ღირს იაფი საქართველოში სასტუმროები?

"ჩვენი კოლეგები მეზობელ ქვეყნებში იმით გვჯობნიან, რომ პირობები უკეთესი აქვთ და გადასახადები - ნაკლები"

საკურორტო სეზონი ახლოვდება და თბილისში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ტურისტებს. მათი დიდი ნაწილი თავდაპირველად დედაქალაქში ჩამოდის და აქედან მიემგზავრება საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსანახულებლად.

რა ღირს დასვენება ჩვენთან, რამდენად ხელმისაწვდომია თბილისი საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტისთვის? - ამ კითხვებს პასუხი სააგენტო "ნუმბეოს" ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი "მოგზაურობის ღირებულობის ინდექსმა" გასცა. კვლევის მონაცემებით, ერთი დღის გატარება თბილისში საშუალო შემოსავლის მქონე მოგზაურს 67 დოლარი უჯდება, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონეს - 178 დოლარი. "ნუმბეოს" კვლევის მიხედვით, თბილისში მაღალია სასტუმროების ფასიც: სასტუმროების ფასის ინდექსით თბილისი საშუალოზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისში ფასები ჩვენი რეგიონის ქალაქებს შორის ყველაზე მაღალია: ერევანში საშუალო შემოსავლის მქონე მოგზაურს ერთი დღის გატარება 34,32 დოლარი უჯდება, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონეს კი - 96,30 დოლარი, ბაქოში - 30,83 დოლარი/98,80 დოლარი, ხოლო სტამბოლში შესაბამისად, 37,73 დოლარი და 107,95 დოლარი.

სააგენტო "ნუმბეოს" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ამ ბიზნესის წარმომადგენლებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის აზრით, ჩვენი ტურისტული ბაზარი იძლევა იმის საშუალებას, რომ სასტუმროს ფასი მაღალი იყოს.

შალვა ალავერდაშვილი - იმის გათვალისწინებით, რამდენჯერ ნაკლებია ბაქოსა და ერევანში ჩასული ტურისტების რაოდენობა თბილისში ჩამოსულ ტურისტებზე, ჩვენთან ფასები უფრო მაღალია. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს. როდესაც ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, რატომ უნდა იყოს ის იაფი? თუ მინდა ჩემს პროდუქტს მილიონი დავადო და ვიცი, რომ ის გაიყიდება, ხელს ვერავინ შემიშლის. თუ ჩვენთან სიძვირეა, მაშ, რატომ ჩამოდიან ტურისტები? საქმე ის არის, რომ სასტუმროების ბიზნესი თბილისში კარგად ვითარდება და ეს ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, რაც დიდი სტიმულია: რაც უფრო მეტი სასტუმრო გაიხსნება, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა და კონკურენციის დონეც აიწევს. ეს კი, თავისთავად დაარეგულირებს მომსახურების ხარისხსა და ფასებსაც. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრ ადამიანს აინტერესებს და ვცდილობთ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ამ მიმართულებით კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთად მუშაობს. სწორედ ამიტომ, ჯერ არცერთი დიდი სასტუმრო არ გაკოტრებულა, ჩვენთან ამ მხრივ ცუდი სიტუაცია არ არის".

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2015 წელს დოლარის გაძვირებამ ამ ბიზნესზე სასიკეთოდ იმოქმედა და ბევრმა სასტუმრომ სოლიდური მოგება ნახა.

"ეს არის სფერო, რომელმაც დოლარის გაძვირებით სარგებელი ნახა. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით იმ სასტუმროებს, რომლებიც ლარზე მუშაობენ, ეს მცირე ზომის სასტუმრო სახლებია და მათი რაოდენობაც მცირეა. შესაბამისად, სასტუმროებისგან სახელმწიფომ გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, რადგან მათი ფასები დოლარში იყო შეფასებული. წელსაც, თბილისში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა და 2016 წელი საკმაოდ კარგად დავიწყეთ. აქვე უნდა ვთქვა, რომ თბილისში ფასების პრობლემა ნამდვილად არ არის: აქ 10 ლარიდან 5 ათას დოლარამდე ღირებულების ყველანაირი ოთახის შოვნა შეიძლება, ოღონდ რაც უფრო ნაკლებია ფასი, კომფორტიც ნაკლებია", - აცხადებს შოთა ალავერდაშვილი.

ტურიზმის ექსპერტი ია თაბაგარი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში სასტუმროს შენახვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ეს ფასებზეც აისახება:

- კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ შემიძლია ჩემი აზრი გამოვთქვა, თუ რატომ არის ჩვენთან ამ სეგმენტში ფასები მაღალი. საქმე ის არის, რომ სასტუმროს შენახვა ჩვენთან ძვირი ჯდება: საწარმოს მსგავსად, სასტუმროებს გაზისა და ელექტროენერგიის ორმაგი საფასურის გადახდა უწევთ. განსაკუთრებით რეგიონებს უჭირს: მაგალითისთვის ავიღოთ გუდაური და თუშეთი, სადაც სეზონი ძალიან მოკლეა. მიუხედავად იმისა, კლიენტი ჰყავთ თუ არა, გაზის საფასური მაინც უნდა გადაიხადონ. ამაზე უკვე წლებია ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სიღნაღში მაგალითად, წყლის პრობლემა აქვთ და სასტუმროები იძულებული არიან საკუთარი, დამოუკიდებელი რეზერვუარები ჰქონდეთ, რომლებიც დენზე მუშაობს. ესეც დიდი ხარჯია. ამასთანავე, კახეთში შუქის პრობლემაც აქვთ, "ენერგო-პროს", სადენები საშინელ მდგომარეობაშია და სასტუმროების მფლობელები იძულებული არიან თავიანთი გენერატორები ჰქონდეთ. ვფიქრობ, როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკობს, სახელმწიფო ვალებულია ტურისტული რეგიონები უწყვეტი წყლითა და ელექტროენერგიით მაინც მოამარაგოს. რაც შეეხება "ნუმბეოს" კვლევას, მე ვერ დავეთანხმები, რომ ბაქოში სასტუმროები იაფია, იქ საკმაო სიძვირეა, შედარებით იაფია სასტუმროები ერევანში. სტამბოლში კი დაბალ მოგებაზე მუშაობენ და ეს აიაფებს მათ მომსახურებას. იქ კონკურენციაც ძალიან დიდია და იძულებული არიან დაბალი ფასები ჰქონდეთ.

"ბიზნესპრესნიუსს" ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა სასტუმრო "ორთაჭალა პალასის" მმართველი ლერი მუჯირიშვილი:

-ჩვენთან თურქეთიდან დამსვენებლები ხშირად ჩამოდიან, რამდენიმე მათგანი თვითონ საქმიანობს ამ ბიზნესში. იქ სასტუმროები მართლაც იაფია, არა მარტო სტამბოლში, არამედ ანტალიაში და სხვა დიდ კურორტებზე. ქალაქის მერია ძალიან ეხმარება სასტუმროებს და ბევრ რამეს უფასოდ უკეთებს. ჩვენ კი, ყველაფერს დამოუკიდებლად ვაგვარებთ. თანაც ორმაგ ფასს ვიხდით კომუნალურ გადასახადებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1 კუბ.მ. წყალში 4,50 ლარს ვიხდით. თვეში 2 ათას ლარს რომ წყალსა და ელექტროენერგიაში გადაიხდი, რა უნდა ქნა? სასტუმროს შენახვა თბილისში მართლაც ძვირი ჯდება: შენობაც დაქირავებული მაქვს, გადასახადებს ვიხდი, მომსახურე პერსონალს ანაზღაურება ხომ უნდა? ხან საშხაპე ფუჭდება, ხან - ონკანია გამოსაცვლელი - ათასი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვაქვს. ჩვენი კოლეგები მეზობელ ქვეყნებში იმით გვჯობნიან, რომ პირობები უკეთესი აქვთ და გადასახადები - ნაკლები. ამიტომაც შეუძლიათ ტურისტებს, ჩვენთან შედარებით, დაბალი ფასები შესთავაზონ.

ამ მოსაზრებას იზიარებს სასტუმრო "დ"პლაზას" ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ოსიტაშვილიც.

" წინა წლებთან შედარებით, ჩვენს სასტუმროში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ძალიან ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნა, კონკურენცია გაიზარდა და ალბათ ამის ბრალია, რომ კლიენტურა შეგვიმცირდა. რასაკვირველია, ამ მხრივ ჩვენ თურქეთს ვერ შევედრებით, რადგან ამ ქვეყნის შემოსავლების თითქმის 50 პროცენტი ტურიზმზე მოდის, ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა იქ ჩვენგან განსხვავებულია: ყველანაირად უწყობენ ხელს ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროები ამ ქვეყანაში გრძელვადიანი, უპროცენტო სესხებით სარგებლობენ, როდესაც სასტუმრო ახალი გახსნილია, პროცენტს საერთოდ არ ახდევინებენ და სერიოზულ შეღავათს უწევენ... ბუნებრივია, ამ პირობებში ტურიზმიც ვითარდება და ამ სფეროს შემოსავალიც ძალიან მაღალია", - აღნიშნავს ნინო ოსიტაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე