24 წლის ინჟინრის მწყერების ფერმა

24 წლის გეგი აფციაურმა 5 თვეა, რაც ბავშვობისდროინდელი ოცნება აისრულა და საკუთარი მეურნეობის შექმნის იდეა საბოლოოდ განახორციელა.

როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. გეგიმ ოცნების ასრულება მწყერების ფერმით დაიწყო, ფრინველებს დროებითი ადგილი ქუთაისში მიუჩინა. სულ მალე კი წყალტუბოს რაიონ სოფელ ქვირიშორში მეგობართან და ძმასთან ერთად ძროხებისა და ღორების მოშენებასაც აპირებს.

სანამ მწყერების მოშენებას გადაწყვეტდა, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა, მაგისტრის ხარისხი კი უკრაინაში ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა. სამეურნეო საქმიანობის პარალელურად სწავლას დღესაც აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე მომავლის გეგმებს მთლიანად სოფლის მეურნეობას უკავშირებს.

გეგი აფციაური:,,თავისუფალი დრო და გამოუყენებელი ფართი მქონდა, მეგობართან ერთად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი მცირე დანაზოგით. ეს არ იყო დიდი კაპიტალი, მაგრამ პირველი ეტაპისთვის 7 ათასი ლარი საკმარისი აღმოჩნდა. შევიძინეთ ინკუბატორი, მწყერის 1 300 კვერცხი და დავიწყეთ. ამ სფეროში გამოცდილი არ ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ რჩევისთვის მივმართავდი ყველას, ვისაც მწყერების ფერმა აქვს. ზოგმა საჭირო ლიტერატურა მომაწოდა, ზოგმა გამოცდილება გამიზიარა. ძირითად ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიძიებდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ჯერზე გაგვიჭირდა. ტემპერატურათა ცვალებადობის გამო ათეულობით მწყერი დაგვეხოცა. მაინც მომიწია, საკუთარ შეცდომაზე მესწავლა“.

როგორც ახალგაზრდა ფერმერი გვიხსნის, მწყერების გამოჩეკვა მეთექვსმეტე დღეს იწყება. ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია ტემპერატურის მუდმივი კონტროლი. ახალგამოჩეკილებთან კი უფრო დიდი ყურადღებაა საჭირო.

,,შვილებივით უნდა მოუარო, საკვებს დილით ათ საათზე, საღამოს კი 6-ზე ვაჭმევთ. ასევე, საჭირო პრეპარატების მიღებაც აუცილებელია.“

საგრანტო პროგრამის იმედად და რეალიზაციიდან მიღებული თანხის რეინვესტირებით, ფერმერი სოფელ ქვირიშორში დიდი ინკუბატორის გაკეთებას აპირებს. ეს მის უახლოეს გეგმებშია და მომავალში მწყერის გარდა, კვერცხის რეალიზაციასაც ფიქრობს. პირველ რიგში კი მეურნეობის სოფელში გადატანის საკითს განიხილავს. ამბობს, რომ ყველაზე მშვიდად თავს სწორედ იქ გრძნობს.

,,ბავშვობიდან მიყვარდა სოფელი. მიხარია, რომ ბოლო დროს სოფლის მეურნეობას ფასი დაედო...როცა მთლიანად საკუთარ შესაძლებლობებზე ხარ დამოკიდებული, კარგია. ყველზე მთავარი კი ის არის, რომ იქ არავინ გეტყვის ფრაზას - ,,დღეიდან უმუშევარი ხარ!“ რასაც იშრომებ, სწორედ იმდენი გექნება, არც იმაზე მეტი და არც ნაკლები. სოფელში თავისუფლებაა და ამიტომ იქ თავს გაცილებთ კომფორტულად ვგრძნობ“, - ამბობს გეგი აფციაური. სამსახურის მაძიებლებს კი ურჩევს, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ და საკუთარი მეურნეობის შექმნაზე იფიქრონ.

,,მაშინ, როცა სოფლები და რაიონები ერთმანეთის მიყოლებით იცლება, რთულია ყველა ქალაქში დასაქმდეს. ზოგჯერ სხვა გზის ძიება ჩვენივე კეთილდღეობისთვის აუცილებელია“, - აღნიშნავს ფერმერი.

მწყერების რეალიზაციას მაღაზიებსა და რესტორნებში, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებით ახდენს. გაყიდვის პრობლემას არ უჩივის და ამბობს, რომ პროდუქტის მიმართ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

ქრისტინე გამთენაძე