ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება

ეროვნულმა ბანკმა ისევ გაიკრა ჯიბეზე ხელი და 10 მილიონი დოლარი იყიდა. მიუხედავად ამისა, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტა ისევ გამყარებისაკენ იხრება. როგორც გზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლოდროინდელი სავალუტო ვაჭრობა აჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მეთოდურად იზრდება.

დღესდღეობით მთავარი კითხვა ასეთია: ვის სჭირდება ლარის დიდი მასა? საქართველოს ეკონომიკაში არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, პირიქით, ეკონომიკური ზრდის 3%-იანი პროგნოზი სავალუტო ფონდმა 2,5-მდე შეგვიმცირა. ფონდის ანალიტიკოსების ამ გათვლებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყნის ეკონომიკა წელსაც კუს ნაბიჯებით იმოძრავებს.

სტატისტიკური მონაცემებით, პირველ კვარტალში ექსპორტი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. იანვარ-მარტში ქვეყნიდან მხოლო 443 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა. კატასტროფულად გაიზარდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და 59%-ს მიაღწია. ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია უცხოური ინვესტიციების შესახებ.

საგარეო თვალსაზრისით, შედარებით სიმშვიდეა, თუმცა სხვა ქვეყნის ვალუტები დოლარის მიმართ ასეთი მკვეთრი გამყარებით არ გამოირჩევიან. თითქმის 2 კვირაზე მეტია მოულოდნელად გამყარებული რუბლი დოლარის მიმართ 66-68-ის დიაპაზონში მერყეობს.

შარშან, მკვეთრი დევალვაციის დროს, ეკონომისტების ნაწილი აცხადებდა, რომ საგადასახდელო ბალანსის გათვალისწინებით ლარი დოლარის მიმართ 2,2 ლარის დიაპაზონში უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, 2,5 ნიშნულამდე გაუფასურება კი სპეკულაციური, სუბიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამჯერადაც, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებასთან ერთად, ეროვნულ ვალუტაზე მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, ანუ "ქადაგიძის ფაქტორი".

"ლარის მიმართ გაჩენილი მოთხოვნა გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეკონომიკას ფულის მასა სჭირდება. რაც შეეხება ვალუტის მერყეობას, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, დევალვაცია გარდაუვალი იყო, მაგრამ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზე რომ მდგარიყო, ასეთი მასშტაბური გაუფასურება არ უნდა გვქონოდა. ახლა მოხსნილია ქადაგიძის ფაქტორი, სწორედ ამიტომ ლარი არა 1,50-ის, არამედ 2,25-ის მიდამოებშია", - აცხადებს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ სამომავლოდ ქართული ვალუტა ამ დიაპაზონში დაიწყებს დასტაბილურებას და თანდათანობით ისევ გამყარებისკენ წავა.

დუნდუა აღნიშნავს, რომ 2015 წელს საგარეო ვაჭრობის კუთხით არც ისე დრამატული ვითარება გვქონდა. ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას დამატებული მომსახურების ექსპორტი, ანუ წმინდა ექსპორტი (რეექსპორტის გამოკვლებით) 2014 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2,5%-ით ჩამორჩებოდა.

"რეალურად რეექსპორტის შემცირების ხარჯზე შეგვიმცირდა ექსპორტი. ასე რომ, არც ისე დრამატული გახლდათ ვაჭრობის მაჩვენებელი. განსაკუთრებით პოზიტიური იყო ტურისტული და მომსახურების მონაცემები. წმინდა ტურისტულმა შემოსავლებმა 1,6 მილიარდს გადააჭარბა. ახლაც არის ტურიზმის ზრდის მოლოდინი, რაც დადებითად იმოქმედებს კურსზე", - აღნიშნავს დუნდუა და სამომავლოდ ლარის გამყარების კიდევ ერთ წინაპირობად კიბოს ადრეული თერაპიის ცენტრისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი უდიდესი იქნება მსოფლიოში.

ლარზე მოთხოვნა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის რამდენიმე ფაქტორების ერთობლიობა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ქისტაური ფიქრობს, რომ ეკონომიკა გარკვეულ აქტიურობას ავლენს.

"ამის ნიშნები შესამჩნევია. თუ როგორ გაგრძელდება გააქტიურება, ამას შიდა ფაქტორები გვიჩვენებს, მათ შორის, ხელისუფლების გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ახლახან იყო მოგების წლიური გადასახადის გადახდის პერიოდი, რისთვისაც დიდი ოდენობის ლარი დასჭირდათ ორგანიზაციებს, ხვალისთვის არის დღგ-ს გადახდის დრო. ჩემი აზრით, გადასახადები ერთ-ერთი ფაქტორი იყო ლარზე მოთხოვნის გაზრდისა.

ზოგადად, მთლიანობაში, ეკონომიკაში გარკვეული სტაბილიზაცია შეიმჩნევა. ექსპორტის შემცირება კი, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაციით იყო გამოწვეული", - აღნიშნავს ქისტაური "რეზონანსთან" საუბრისას.

შემოვიდა თუ არა საქართველოში ინვესტიციები, ლევან ქისტაურს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც რამდენიმე წარმატებული პროექტიც კი, თუნდაც 200-300 მილიონი დოლარის ფარგლებში, დადებითად მოქმედებს საერთო მდგომარეობაზე.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის სწრაფმა გამყარებამ შეიძლება ისევე მიაყენოს ზიანი ადგილობრივ საწარმოებს, როგორც დევალვაციამ. ამიტომ, ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, როდესაც დროდადრო დოლარს ყიდულობს. თუკი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის უახლოეს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გადაწყდება, ეს დამატებითი ბიძგი იქნება ეკონომიკისთვის.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"