მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა

მრავალწლოვანი კულტურების (ხეხილი, ციტრუსი, ვაზი, ჩაი, თხილი) ფართობების რაოდენობამ, 2015 წლის მონაცემებით, 226,143 ჰექტარი შეადგენა, რაც წინა წლების მაჩვენებელს 24 ათასი ჰექტარით აღემატება , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, მრავალწლოვანი კულტურების (ძირითადად, თხილი, ვაზი, ხეხილი) ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.

მრავალწლოვანი კულტურების ფართობების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროექტმა - „დანერგე მომავალი“, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურობის გაზრდა მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რაც იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებასა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

პროექტი „დანერგე მომავალი“ ორი კომპონენტისგან - ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება - შედგება. ბაღების კომპონენტში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო თანადაფინანსება, რომელიც ნერგების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების 50%-ს, ხოლო სანერგე მეურნეობის კომპონენტში კი, პროექტის ღირებულების 50%-ს შეადგენს. პროექტით უკვე 213-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

იხილეთ ვიდეო PALITARNEWS-ზე