ბორჯომში 100-ზე მეტი ბზის, წყავისა და ლაგესტრემიას ნერგი დარგეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, ბორჯომში გამწვანების აქცია გაიმართა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აქციაში ჩაერთვნენ საჯარო სკოლების ეკო-კლუბების წევრებიც.

მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში 100 ბზის ნერგი პირველი საჯარო სკოლის ეზოში გადანაწილდა, წყავისა და ლაგესტრემიას ხეები კი სანაპირო სკვერში დაირგო.

„აღსანიშნავია, რომ ქალაქის გამწვანების აქციის ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. უახლოეს მომავალში მეორე ეტაპიც განხორციელდება, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ახალი ხე-მცენარის შემოტანა და დარგვაა დაგეგმილი. ბორჯომისათვის უცხო და ეგზოტიკური სახეობები ჩვენს ქალაქს უფრო მეტ ფერებსა და სილამაზეს შესძენს“, - აღნიშნა გამგებელმა.