შავი ზღვის დაბინძურებისთვის მალტის დროშით მცურავი გემი დაჯარიმდა

შავი ზღვის დაბინძურებისთვის მალტის დროშით მცურავი გემი დაჯარიმდა. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მალტის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს.

ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლების ჩაღვრის გამო გემის კაპიტანს ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

„ასევე, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც 22 000 ლარი შეადგინა. მალტის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა“, - აცხადებენ სამინისტროში.