ევროპარლამენტის კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20-21 აპრილს განიხილავს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20-21 აპრილს განიხილავს.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ლი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.