შემოსავლების სამსახური ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ მედიის წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროექტი გააცნო.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, პროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურისა და გადასახადის გადამხდელთა ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივება. სწორედ ამას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების ვებგვერდის სპეციალური ვერსია - სადემონსტრაციო-სასწავლო გვერდი, რომელიც ცოდნით შეიარაღებული გადამხდელის ფორმირებას, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და საზოგადოების ფართო წრეებისთვის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სერვისების ვებგვერდის სადემონსტრაციო-სასწავლო გვერდი http://demo-eservices.rs.ge მოქმედი გადამხდელის პორტალის ანალოგია. სადემონსტრაციო ვებგვერდის საშუალებით, ყველა დაინტერესებულ პირს, იმის მიუხედავად, არის თუ არა იგი რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ეძლევა შესაძლებლობა, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული ელექტრონული სერვისები.

დემოვერსია შეიცავს ყველა ელექტრონულ სერვისს, რომელსაც დღეისთვის შემოსავლების სამსახური სთავაზობს მომხმარებლებს და რომლებიც აუცილებელია საბაჟო და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. ესენია: ელექტრონული დეკლარირება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოება, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების წარმოება, ელექტრონული განცხადებების სერვისი და ა.შ.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროექტი საინტერესო იქნება როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე დამწყები ბუღალტრებისთვის. ვებგვერდზე ვირტუალურ გადამხდელს შეუძლია შექმნას კომპანია (კომპანიები) და შეისწავლოს ბიზნესსაქმიანობისთვის აუცილებელი გარემო. ვებგვერდი საშუალებას მისცემს სასწავლო დაწესებულებებს, ბუღალტერიის სასწავლო კურსში ჩართონ გადამხდელის პორტალის შესწავლა, რაც უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების თვალსაზრისით.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, ვებგვერდზე დაშვება, მოთხოვნის შესაბამისად, მიეცემა მხოლოდ დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებს.