თურქული  Maxx Royal-ის სასტუმროების ქსელი თბილისში სასტუმროების გახსნას გეგმავს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე Maxx Royal-ის სასტუმროების ქსელის მფლობელებს და ტურ-ოპერატორ „კაპიტანი+“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ტურ-ოპერატორის „კაპიტანი+“ ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას თურქეთის, ანტალიის რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს Maxx Royal-ის მფლობელები და „კაპიტან პლუსის“ ექსკლუზიური პარტნიორ Xclusive Travel-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე შეხვედრაზე სტუმრების საქართველოში განსახორციელებელი გეგმებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ Maxx Royal-ის სასტუმროს მფლობელები, რომლებიც ანტალიაში უმაღლესი დონის სასტუმროებს ფლობენ, ორიენტირებულნი არიან მაღალი კლასის სასტუმროებსა და დამსვენებელზე.

როგორც იურიდიულ კომისიაში განაცხადეს, თურქული Maxx Royal-ის სასტუმროს მფლობელები დედაქალაქში არსებული ლიბერალური საინვესტიციო გარემოსა და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თავად დაინტერესდნენ საქართველოს დედაქალაქით, თბილისით. შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში მოხდა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძესა და დელეგაციის წევრების მიერ ბიზნეს ხედვებისა და გეგმების გაზიარება.

„კაპიტანი+“-ის ორგანიზებით და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლების მონაწილეობით 2016 წლის ზაფხულის სეზონის ტურისტულ გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას თედო კობახიძეც დაესწრო. პრეზენტაციაზე 1993 წლიდან მოღვაწე ტურ ოპერატორს „კაპიტან +“ და Xclusive Travel-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თედო კობახიძემ განუცხადა, Maxx Royal-ისა და Xclusive Travel-ის წარმომადგენლები სამომავლოდ უმაღლესი დონის სასტუმროს გახსნას თბილისშიც გეგმავენ.