„თელასის“ ტექნიკური დირექტორი სარეაბილიტაციო და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს გაეცნო

კომპანია „თელასის“ ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე სატრანსფორმატორო ჯიხურების, მაღალი ძაბვის საკვანძო ქვესადგურების, საჰაერო და საკაბელო ხაზების გეგმურ-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს გაეცნო.

ამჟამად 35/6-კილოვოლტიან ქვესადგურის „საბურთალო1„ ექვსკილოვოლტიან მეოთხე სექციაზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მოწმდება საველე დაცვის და ავტომატიკის წრედები, ტარდება ელექტრული გაზომვები და გამოცდები პირველადი კომუნიკაციის მინაერთებზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა გაეზრდება საბურთალოს რაიონის 21 300 აბონენტს.

კომპანია „თელასის“ ტექნიკური დირექტორი დღესვე 35-კილოვოლტიან საჰაერო ხაზზე „ვერა-1“-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. ავარიული სიტუაციის პრევენციის მიზნით, სარეალიბიტაციო სამუშაოები ტარდება 35 კილოვოლტიან საჰაერო ხაზზე „ვერა 1“, სადაც თერმოგრაფიული გამოკვლევის შედეგად აღმოჩენილი იქნა ხაზის სუსტი წერტილები. საჰაერო ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა გაეზრდება თბილისის ცენტრალური რაიონების 25 490 აბონენტს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ განაცხადა, „თელასი“ აგრძელებს თბილისის ელექტროქსელის რეაბილიტაციას.

„დედაქალაქის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ასამაღლებლად კომპანია ყოველდღიურად ატარებს სატრანსფორმატორო ჯიხურების მაღალი ძაბვის საკვანძო ქვესადგურების საჰაერო და საკაბელო ხაზების გეგმურ-პროფილაქტიკურ სარეაბილიტაციო და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს. რაც შეეხება მსგავსი მასშტაბით ჩატარებულ სამუშაოებს, ეს აუცილებელია ყოველწლიურად, რათა წინასწარ აღმოვფხვრათ ის შესაძლო ავარიების კერები, რაც შეიძლება იყოს გამოვლენილი სამომავლოდ“, - განაცხადა ვახტანგ ქინქლაძემ.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, კომპანიამ ასევე დაიწყო სარეზერვო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი სატრანსფორმატორო ქვესადგურების დამატებითი კაბელებით აღჭურვა. შესაბამისად, მომავალში ელექტრომომარაგების ძირითადი ხაზების ავარიულად გამორთვის ან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელი გახდება სარეზერვო ხაზით. „თელასის“ ინფორმაციით, ეს ყველაფერი მოსახლეობის ხარისხიანი და უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას ემსახურება.

„აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.