დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“ გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“ გახსნა.

კონფერენცია „ბიზნესგაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით იმართება. მას საფუძვლად უდევს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნესის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას.

კვლევამ 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მოიცვა, რომლის შედეგადაც სამი ძირითადი ფაქტორი გამოვლინდა. კერძოდ, ქვეყანაში მარეგულირებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია, ფინანსურ რესურსებზე წვდომა და განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობა.

როგორც კონფერენციის გახსნის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მეწარმეობისთვის ხელისშემწყობი გარემოს განვითარება მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია.

„მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და ამ გეგმის პირველი პუნქტი სწორედ მეწარმეობის ხელშეწყობის გარემოს განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში. „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ის პროექტი იყო, რომელმაც ჩვენს მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა 1-დან 3 პროცენტამდე კომერციული ბანკებიდან სესხი აეღოთ. ასევე, მისცა იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გახდა თანაუზრუნველმყოფელი კომერციული ბანკებიდან სესხის აღების დროს. რაც შეეხება განათლების მიმართულებას, ორი კვირის წინ განათლების სამინისტრომ გააკეთა ძალიან კარგი პრეზენტაცია, როდესაც ჩვენ გვექნება პროფესიულ განათლებაში ჩადებული ძალიან დიდი ინვესტიციები და ძალისხმევა. იქ საუბარია საჯარო და კერძო პარტნიორობაზე. სტრატეგია სრულად არის ჩამოყალიბებული. პარტნიორები მეტწილად განსაზღვრულია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებითაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.