აჭარაში ბელორუსის ტურისტული სააგენტოები იმყოფებიან

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ინფო ტურის ფარგლებში ბელორუსის ტურ სააგენტოები ეცნობიან. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურიზმის დეპარტამეტში აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, დღესვე ინფო ტურის მონაწილეები შეხვდნენ აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაოებებს დაათვალიერებენ, რეგიონის სასტურმო პოტენციალს გაეცნობიან, ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, სადაც აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. გარდა ტურისტული სააგენტოებისა, ინფო ტურში იმყოფება ბელორუსში წამყვანი გაზეთის „არგუმენტი ი ფაქტის“ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც აჭარასა და ზოგადად საქართველოს შესახებ სტატიებს გამოაქვეყნებენ და ბელორუსში ფოტო გამოფენას მოაწყობენ. ინფო ტურის მონაწილეები აჭარას 17 აპრილს დატოვებენ.

ბელორუსი ტურსააგენტოები ბათუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ესტუმრნენ. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისას ტურ-ოპერატორებმა თბილისი, კახეთი, მცხეთა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.

აჭარის მიმართ ბელორუსის ტურისტული სააგენტოებისა და ვიზიტორების ინტერესი გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელორუსში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს მეოთხე წელია ახორციელებს. გასულ წელს რეგიონში შემოსული ბელორუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7 % პროცენტითაა გაზრდილი.