ესპანეთის მრეწველობის მინისტრი ე.წ. პანამის დოკუმენტების გამო გადადგა

ესპანეთის მრეწველობის მინისტრი ე.წ. პანამის დოსიეს გამო გადადგა. ხოსე მანუელ სორიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მმართველი იყო.

„ვაცხადებ, რომ დღეიდან ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობას ვწყვეტ“, - განაცხადა სორიამ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა პანამური კომპანია Mossack Fonseca-ს 11 მილიონზე მეტი დოკუმენტი 3 აპრილს გაასაჯაროვა. დოკუმენტებში საუბარია მსხვილ ოფშორულ გარიგებებზე, რომელიც პანამის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. დოკუმენტებში 72 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერი, ასევე მაღალჩინოსანი, ბიზნესმენი და სპორტსმენი ფიგურირებს.