წინა წელთან შედარებით, მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3 %-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3 %-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 216.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით (1.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (30.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.0 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9.9 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.8 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (7.4 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (39.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (33.0 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.