ლევან თარხნიშვილი - წინასაარჩევნო რეჟიმში საარჩევნო ადმინისტრაციის 5 თვის განმავლობაში მუშაობას 10 მილიონი ლარი დასჭირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან თარხნიშვილის აზრით, 5 თვის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობას დაახლოებით 10 მილიონი ლარი დასჭირდება.

როგორც თარხნიშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ ცესკო-ს მთელმა ვერტიკალმა იმუშაოს, შეივსოს საოლქო კომისიები და სხვა, ძალიან უხეში გათვლებით 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონი ლარია საჭირო. შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობას 10 მილიონი დასჭირდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტვირთად დააწვება ბიუჯეტს არჩევნების დანიშვნა 5 თვით ადრე, თარხნიშვილმა განაცხადა: ”თუ ბიუჯეტს აქვს 29 მილიონი ლარი, რომ გადაუხადოს კულტურის მინისტრის კერძო კომპანიას იმისთვის, რომ კონცერტები ჩაატაროს, რატომაც არა?! არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კულტურის მინისტრის კერძო შემოსავალი, მით უმეტეს, რომ ეს პროექტები მან მიიღო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს საყდრისის დანგრევა ”გაუპრავა”.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას ის მაისის დასაწყისში გამოსცემს. შესაბამისად, პრემიერის მხრიდან აღნიშნული სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა.