რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა.

აღჭურვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 მაღალი გამავლობის მანქანა რეგიონებში განაწილდება. რაიონულ სამსახურებს სპეც-ავტომობილები საჭიროების მიხედვით გადაეცემა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 საშუალო და მაღალი გამავლობის მანქანით 2014 წელს აღიჭურვა. 20 ახალი სპეც-ავტომობილის გადაცემის შედეგად, რეგიონული სასწრაფოს ავტოპარკი სრულად განახლდება.