დამზადებულია ჩინეთში - რას ნიშნავს ეს წარწერა ცნობილ ევროპულ ბრენდებზე

იტალიური ბრენდები ტრადიციულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ მყიდველმა ბრენდულ პროდუქციაზე შესაძლოა, აღმოაჩინოს წარწერა „დამზადებულია ჩინეთში“.

ეს არ ნიშნავს, რომ ბრენდი ყალბია, რადგან დღეს ბევრი ევროპელი მწარმოებელი პროდუქციას ჩინეთში, თურქეთში, რუმინეთსა და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში აწარმოებს.

ჩინეთის ტერიტორიაზე ქარხნების გახსნა - მსოფლიო ტენდენციაა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩინეთში მუშახელი საკმაოდ იაფი ღირს. ვროკავშირისა და აზიის ქვეყნების ხელფასი, ისევე როგორც უმუშევრობის დონე, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ტანსაცმლის კერვა ჩინეთში გაცილებით უფრო იაფია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

გარდა ამისა, აზიურ ქვეყნებში რესურსები უფრო ხელმისაწვდომია. უცხოური კაპიტალის მოსაზიდად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათებს აწესებს.

კონკრეტულად იტალიურ ბრენდებზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური ფეხსაცმლის 90% მაინც იტალიაში იკერება, რადგან დღესაც, იტალიური ფეხსაცმლის ბევრი დეტალი ხელით კეთდება. საიდუმლო ტექნოლოგიებისა და ხელოსნების პროფესიონალიზმის ექსპორტს იტალიაში არ მიესალმებიან.

მაგრამ ტანსაცმელს ბრენდული კომპანიები აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქარხნებზე კერავენ. თუმცა, თუ ტანსაცმელი რთულ დამუშავებას, დეკორს ან პროფესიონალურ უნარებს მოითხოვს, მაშინ მას იტალიაში ამზადებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა სხვა ქვეყანაში მდებარეობს, ბრენდული კომპანია წარმოების პროცესს მკაცრად აკონტროლებს და ხშირად, ქარხანაში მუშაობენ ბრენდის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც საქონლის ხარისხს ამოწმებენ.

ხშირად პროდუქციის დამზადებისთვის საჭირო მასალა, მაგალითად ნაჭერი, ფურნიტურა, ქსოვილები ჩააქვთ ქარხანაში ბრენდის ქვეყნიდან, რადგან მწარმოებლის სტანდარტებს ადგილობრივი პროდუქცია შეიძლება არ შეესაბამებოდეს.

მწარმოებელი კომპანია იარლიყზე ატანს პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანას. ანუ, თუ Armani Jeans-ის ქურთუკზე აღმოაჩინეთ წარწერა Made in China (დამზადებულია ჩინეთში), არ იფიქროთ, რომ ეს ჩინური ყალბი პროდუქციაა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, შეფუთვა და იარლიყია. თუ იარლიყზე დატანილი წარწერა შეცდომებს შეიცავს, შრიფტი კი ბუნდოვანია, ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია კონტრაფაქტს წარმოადგენს. გარდა ამისა, თუ ბრენდი ორიგინალია, მაშინ ღილებზე ან ელვა შესაკრავზე ბრენდის ლოგო იქნება დატანილი.