როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა

მევენახეობისა და მეღვინეობისადმი ინტერესი მის მშობლიურ სოფელს უკავშირდება. სოფელი ტიბაანი უგემრიელესი ღვინით არის ცნობილი.

მისთვის ვაზი და ღვინო დიდ შრომასთან და ინტერესთან ასოცირდება. მეღვინეობა კი მისი ოჯახის ტრადიციაა. ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ახალგაზრდა მეღვინე ჯემალ ხატიაშვილი სულ რაღაც 14 წლის იყო, როცა საოჯახო საქმიანობის ბიზნესად ქცევის იდეა დაებადა. როგორ მოხდა ჯემალ ხატიაშვილის ამ სფეროთი დაინტერესება და როგორ აპირებს მცირე ბიზნესის განვითარებას - "ბიზნესპრესნიუსი" ახალგაზრდა მეღვინეს ესაუბრა.

"მეღვინეობა და ღვინისადმი ინტერესი ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. ჩვენი ვენახები სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ჩემი ოჯახის მჭიდრო კავშირმა ვაზთან და ღვინოსთან, ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. 2011 წელს 14 წლის ასაკში, საკუთარი ინიციატივით პირველად დავწურე ღვინო ჩემს მარანში და საკუთარი ტექნოლოგიით ვაძველებდი და ვუვლიდი. ღვინისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ამ საქმეში გამოცდილი და კომპეტენტური ახლოსაც კი არ გავიკარე. ღვინის ჩამოსხმის იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, ინტერნეტში ვნახე სტიკერები და მეც გადავწყვიტე ღვინო ჩამომესხა. 4 წლის დაძველებით ჩამოვასხით ალადასტური ღვინო "ხატიაშვილი", ეს არის ხატიაშვილების მეურნეობის ღვინო, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ღვინოს განსაკუთებული გემო აქვს, თან ბუნებრივად იყო გაფილტრული ისე, რომ გადაღებაც კი არ დასჭირდა. პირველად რომ ჩამოვასხი, იმდენად მომეწონა თვითონ პროცესი, რომ გადავწყვიტე უფრო დიდი რაოდენობით ჩამომესხა", - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" ჯემალ ხატიაშვილმა.

როგორც ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, ღვინის მაღაზიებში შეტანას არ აპირებს და მხოლოდ კორპორატიულ კომპანიებს სთავაზობს.

"ამ ღვინის მაღაზიებში შეტანას არ ვაპირებ, რადგან ღვინის ბევრი კომპანია არსებობს, ამიტომ კორპორატიულ კომპანიებს ვთავაზობ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა "ფიდა ჯორჯია", რომელიც აგროტურიზმს ემსახურება, ეს კომპანია ჩვენი ხშირი კლიენტია. წინასწარ მიკვეთავენ და მეუბნებიან რა სურთ, რომ დავაწერო ეტიკეტზე, რაც თანამშრომლობას უფრო ამარტივებს. ერთი თვის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ ეს ღვინო საფრანგეთში გაიტანა. ქალაქ ჩამბერში ღვინო "ხატიაშვილმა" დიდი მოწონება დაიმსაურა", - ამბობს ხატიაშვილი.

ხატიაშვილების ოჯახურ ბიზნესს ასევე უკავშირდება წითელ ღვინოში დაძველებული ყველი "ტიბაანური", რომელსაც ღვინო განსაკუთრებულ შეფერილობასა და არომატს სძენს. ამ ყველს სწორედ ჯემალ ხატიაშვილის მიერ დაყენებულ ღვინოში აძველებენ. ლონდონში "ტიბაანურმა" ყველაზე ორიგინალური ყველის სახელი მიიღო.

თიკო გურაშვილი