Bloomberg-მა საინვესტიციოდ საუკეთესო ვალუტა დაასახელა

ზამბიის ეროვნულმა ვალუტამ კვაჩა მიმდინარე წელს ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების ფულად ერთეულებს გაუსწრო.

ამასთან, კვაჩაში ჩადებული ინვესტიცია უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე ოქროსა და ვერცხლში ინვესტირება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კვაჩა 19,9%-ით გაძვირდა დოლართან მიმართებაში, მაშინ როდესაც ოქროზე ფასები 16,3%-ით არის გაზრდილი.

ანალიტიკოსების აზრით, ზამბიური ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება ფერად ლითონებზე ფასების ზრდის პარალელურად, ვინაიდან ზამბია სპილენძის წარმოების მიხედვით მეორე ადგილზეა აფრიკაში. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქვეყნის შემოსავლების 70% სპილენძის ექსპორტზე მოდის.

ცნობისათვის, კვაჩა 2015 წელს მსოფლიოს სამ ყველაზე ცუდ ვალუტას შორის მოხვდა, მას შემდეგ, რაც ის 42%-ით გაუფასურდა.

კოკა კვირკველია