ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და ჩინეთის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობისდა ექსპორტის გაზრდის მიზნით.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის დირექტორმა, ჯიმინ ლიუმ (Jimin Liu). ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასოციაცია „ქართული ღვინოს” და „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით.

“საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად იზრდება ჩინეთის ბაზარზე. აღმოსავლეთ ევროპის, აშშ-ს და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთი არის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულება, სადაც ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ და გვაქვს კიდეც შედეგები. ქართული ღვინის ცენტრში იქნება მუზეუმი, სადაც ქართული ღვინის კულტურის გამოფენა მოეწყობა. ეს ღონისძიებები საბოლოო ჯამში ქართულ ღვინოს საერთაშორისო სახელს მოუტანს და დაამკვიდრებს, როგორც საერთაშორისოდ მნიშვნელოვან კატეგორიას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ქართული ღვინის ცენტრის გახსნას ჩინეთის ისეთ დიდ პროვინციაში, როგორიცაა ძიანსი, სადაც მოსახლეობა 40 მლნ აღწევს. ქალაქი ნანჩანი წარმოადგენს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს.

„ეს არის ყველაზე მასშტაბური ღვინის სახლი, სადაც ძიანსის მომხმარებელს შეეძლება მივიდეს, გაიცნოს ქართული ღვინის კულტურა, გასინჯოს და შეიძინოს ქართული ღვინო. ძიანსის პროვინცია, სადაც დაახლოებით 40 მლნ მოსახლე ცხოვრობს, ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის თვალსაზრისით, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ნანჩანის ღვინის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ჩინეთში გაიზარდა ქართულ ღვინოზე მოთხოვნილება.

„მემორანდუმი ემსახურება ქართულ-ჩინური ურთიერთობების განმტკიცებას კულტურისა და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით. ჩემი აზრით, ქართული ღვინო საუკეთესოა მთელ მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩინელი გაიგებს ქართული ღვინის და ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი, ქართული წითელი ღვინოების შესახებ“, - აღნიშნა ჯიმინ ლიუმ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩინური მხარის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის მშენებლობა დასრულებულია და ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცენტრი განთავსებულია 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მოიცავს სადეგუსტაციო ოთახებს, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლობებს, საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას, ქართულ რესტორანს.

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები წელსაც შენარჩუნებულია - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტირებულია 372 ათას ბოთლამდე ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.