Apple-მა ოფშორში ყველაზე დიდი თანხა გადამალა

მსხვილმა ამერიკულმა კორპორაციებმა, მათ შორის Apple-მა, Microsoft-მა, Google-მა, Coca-Cola-მ და General Electric-მა ოფშორულ ფონდებში 2008-2014 წლებში 1,4 ტრილიონი დოლარი გადამალეს.

სიღარიბის საწინააღმდეგო მებძოლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ინფორმაციით, აპრილის მონაცემებით, ე.წ. „სადაგასახადო სამოთხეში“ ყველაზე მეტი თანხა Apple-ის ანგარიშზეა - 181 მილიარდი დოლარი.

მეორე ადგილზე General Electric არის - 119 მილიარდი დოლარი, რომელიც ამ თანხას ოფშორულ ზონებში 118 ფირმის მეშვეობით ინახავს, მესამეზე კი Microsoft-ია 108 მილიარდი დოლარით.

Oxfam-ის მიერ გამოკვლეულ დოკუმენტებში, რომელიც „პანამას ჩანაწერებს“ ეყრდნობა, ჯამში 50 მსხვილი ამერიკული კორპორაცია მოხვდა.

Oxfam-ის განცხადებით, ოფშორებში შენახული თანხის მეშვეობით, კომპანიებმა ეფექტური საგადასახადო განაკვეთი 26,5%-მდე დაიყვანეს მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი აშშ-ში მინიმუმ 35%-ია.

„გარდიანის“ ინფორმაციით, 2008-2014 წლებში წამყვანი ამერიკული კორპორაციების მოგებმ 4 ტრილიონი დოლარი შეადგინა.