ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ე.წ გადავადების პუნქტი ჩადოს

ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. ამის შესახებ გერმანული „დი ველტი“ წერს.

გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

„დი ველტის“ ინფორმაციით, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც.

ე.წ გადადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გავრცელებული ცნობით, საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.