როგორ მოვიქცეთ, თუ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაცია პრობლემური სესხის ამოღებას ჩვენი შანტაჟითა და დაშინებით ცდილობს

რისკების გაუთვლელად გაცემული სესხები და ათასობით ფინანსურ-მორალურად დაზარალებული ადამიანი

ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა უკონტროლოა, ისინი საკუთარი წესებით მოქმედებენ. არადა, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის ონლაინსესხებით სარგებლობს, რომელსაც საბოლოო ჯამში ვერ ან არ იხდის. როგორც ისინი kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ონლაინსესხების გამცემი კომპანიის წარმომადგენლები მათზე სისტემატიურ ზეწოლას ახორციელებენ და თაღლითობისათვის პასუხისმგებაში მიცემით, ასევე, სახლში მისვლითა და ნივთების წაღებით ემუქრებიან.

ასეთი ტიპის ზეწოლა სამართლებრივად გაუცნობიერებელ მოქალაქეებზე ზეგავლენას ახდენს, რაც ხშირად მათი სასოწარკვეთილებისა და დეპრესიის მიზეზი ხდება.

რა უნდა იცოდეს ონლაინსესხების მომხმარებელმა და რა სახის კანონდარღვევებთან გვაქვს საქმე? - ამაზე kvirispalitra.ge საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ადვოკატ ზურაბ კოპალიანს ესაუბრა.

- რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს სესხის გამცემ კომპანიებს თანხის ამოღებისთვის და როგორ უნდა დაიცვას თავი მსესხებელმა ზეწოლისა და ზედმეტი თანხის გადახდისგან?

- როდესაც ოლნაინკრედიტორები აფორმებენ ხელშეკრულებას მსესხებელთან, ხელშეკრულებაში მითითბულია დავის გადაწყვეტის წესი, რომელიც ითვალისწინებს მიმართვას სასამართლოსათვის, არბიტრაჟისათვის, აღსრულებისათვის და კატეგორიულად გამორიცხავს თვითნებურად ზეწოლის მოხდენას და ამ მეთოდით თანხის ამოღებას.

ჩემს პრაქტიკაში, ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხის გამცემი დაწესებულებების წარმომადგენლები მიდიან მოვალის მისამართზე, მოვალეს ხელს აწერინებენ თვითნებურად დაანგარიშებულ მაღალი თანხების გადახდაზე, მაგალითად, თუ მომხმარებელმა ისესხა 500 ლარი, მაღალი პირგასამტეხლოს გაანგარიშებით წერილობით აღიარებინებენ უფრო დიდ ვალს, ვინაიდან იციან, რომ სასამართლო მაღალ პირგასამტეხლოებს არ აკისრებს მსესხებელს და ამ გზით ცდილობენ დიდი თანხების ამოღებას. გარდა ამისა, ონლაინკრედიტორები ხშირ შემთხვევებში, ემუქრებიან მოვალეს ნივთების წაღებით, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც კანონდარღვევაა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

რაც შეეხება კანონის დაცვით მოქმედებას, როდესაც ონლაინკრედიტორები მიმართავენ სასამართლოს ან არბიტრაჟს, ასეთ შემთხვევებში მსესხებლები უნდა ჩაერთონ დავის განხილვაში, დროულად წარადგინონ შესაგებელი, გამოცხადნენ საარბიტრაჟო და სასამართლო სხდომებზე, მოითხოვონ პირგასამტეხლოს და ჯარიმების შემცირება, რასაც სასამართლო ხშირ შემთხვევებში აკმაყოფილებს. ამ ზომების მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს აღარ მოუწევს აშკარად შეუსაბამო და მაღალი ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრების ჩუმად ახალგაზრდები იღებენ ონლაინსესხებს, უფრო ხშირად აზარტული თამაშებისთვის და არ უნდათ გაამხილონ ვალის არსებობა. შესაბამისად, არ იღებენ მონაწილეობას სასამართლო და არბიტრაჟის სხდომებში. ასეთ შემთხვევებში ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გამოტანა მათ საწინააღმდეგოდ. საბოლოოდ, იძულებითი აღსრულების მიზნით, მათ ოჯახებს აღმასრულებელი აკითხავს, რის შემდეგაც თავდაცვის აღარანაირი ბერკეტი აღარ არსებობს და ოჯახს უწევს უსაშველოდ დიდი თანხების გადახდა.

ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დაჰყვნენ ონლაინკრედიტორის მუქარას და შეურაცხყოფისა და ზეწოლის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავებს, სასამართლო დავების შემთხვევაში კი, თუნდაც უსასყიდლო კონსულტაციის მისაღებად, მიმართონ იურისტებს.

ანა ასანიძე (სპეციალურად საიტისთვის)

წყარო: "კვირის პალიტრა"