დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა. დიმიტრი ქუმსიშვილს მეგზურობა ”საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ გაუწია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სს ”საქართველოს რკინიგზა” ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კი აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს.

მოდერნიზაციის პროექტის მიზანია: მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გამტარუნარიანობის გაზრდა; მგზავრობის დროის შემცირება; მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება.

”აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი. ამჟამად დასასრულს უახლოვდება სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ განთავსებული №8 სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1125 მეტრს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან მიმდებარედ არსებული №11 (875მ) და სოფელ ანიულასთან მიმდებარედ არსებული №7 (2190მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების შეტანამდე სამშენებლო სამუშოების წარმოება დაგეგმილი იყო ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გადასარბენზე, თუმცა დეტალური პროექტირების სტადიაზე მშენებელი, ზედამხედველი და სხვა მოწვეული კომპანიების მიერ მოლითი-ხარაგაულის მონაკვეთზე გამოვლენილ იქნა იმგვარი პრობლემური ადგილები, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა, კერძოდ იგეგმებოდა:

შენობებისა და არსებული ადგილობრივი გზების დანგრევა ისე, რომ არ იყო მისი აღდგენა გათვალისწინებული;

მდინარეების არსებული კალაპოტების დაკავება შესაბამისი საინჟინრო ჰიდროლოგიური ნაგებობების გარეშე;

დაახლოებით 55 - 95 მ სიღრმის ჭრილების მოწყობა;

დაახლოებით 40-45 მ სიმაღლის ყრილების მოწყობა;

გარდა ამისა, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირველადი პროექტით მცირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა - 14.4 მილიონ ტონამდე წელიწადში მაშინ, როდესაც რკინიგზის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა შეადგენს 27 მილიონ ტონას წელიწადში.

საბოლოოდ, მშენებლობის ზედამხედველისა და რკინიგზის შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკონსულტაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შემუშავებულ იქნა მოდერნიზაციის პროექტის ცვლილების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთისათვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბის (8350 მ) მშენებლობას და ე.წ. მარყუჟის მონაკვეთისა (სოფ. ბეჟათუბანი) და სადგურ მოლითის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს ახალაშენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაერთებას სადგურ მოლითში. აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, საუღელტახილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 13 ივნისის №8 და საქართველოს მთავრობის 2015 წლის, 3 ივლისს სხდომებზე, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა №1404 განკარგულება „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”, - ნათქვამია ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.